ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოზიტიურად აფასებს.
კალაძის შეფასებით, დემოკრატიული სტანდარტით, ეს არჩევნები არ ჩამოუვარდებოდა რომელიმე წინა არჩევნებს და მეტიც, შეცვლილმა საარჩევნო სისტემამ არსებითად გააუმჯობესა პარტიების წარმომადგენლობის ხარისხი.
მიუხედავად ამისა, კალაძე აღიარებს, რომ არჩევნებზე ხარვეზები იყო.
“მიუხედავად ამისა, ნამდვილად გეთანხმებით, რომ იყო რიგი ხარვეზები და უზუსტობები.
იყო იმ ტიპის ხარვეზები, რომლებზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად არიან პასუხისმგებლები. თუმცა, ცხადია, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დახვეწას და გამოსწორებას საჭიროებს. აქ სწორედ ახალმა, პლურალისტურმა და მრავალფეროვანმა პარლამენტმა უნდა შეასრულოს მთავარი როლი და ხარვეზების აღმოფხრა თითოეული თქვენგანის ჩართულობით უნდა მოხდეს”,– წერს კალაძე.
მისივე თქმით, პარლამენტში ამ რაოდენობის მანდატი ოპოზიციას არასდროს ჰქონია, ამიტომ მათ ეს შესაძლებლობა ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენონ.
“ხალხის დაკვეთაა, პარლამენტი იყოს მრავალფეროვანი; ხალხის დაკვეთაა, პარლამენტის რიგებიდან ჩვენ ერთად შევეჭიდოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, ერთად ვებრძოლოთ კოვიდ 19-ს, სიღარიბეს, ოკუპაციას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს. იქნებ, ვცადოთ და ერთმანეთის კრიტიკის პარალელურად, რაც ასევე დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში გაერთიანებაც შევძლოთ. იქნებ ვცადოთ იმ პოლარიზაციის დასრულება, რომელიც დღეს გვაქვს და ნამდვილად არ მოსწონთ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ყველას სტრესულ გარემოში ამყოფებს.მე კი, როგორც ქალაქის მერი, პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ ამისთვის”,– აცხადებს კალაძე.
ის ოპოზიციას მოუწოდებს, პარლამენტში შევიდნენ.
“მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ, მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს – ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ”,– ამბობს კახა კალაძე.