მეგობრობა დასავლეთთან არ ნიშნავს იმას, რომ ტყუილზე არ ვთქვათ, რომ ტყუილია – მდინარაძე

მეგობრობა დასავლეთთან არ ნიშნავს იმას, რომ ტყუილზე არ ვთქვათ, რომ ტყუილია – ასე ეხმაურება,  “ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე  პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, რომლითაც მან ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართა.

„თქვენ ისე მეკითხებით, თითქოს პირველად გაიგეთ ჩვენგან, რომ ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს. ამ რეზოლუციის პირველივე შეფასება ასეთია. ძალიან სამწუხაროა ეს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ხელისუფლებისთვის, რომელსაც რამდენიმე წლის წინ კონსტიტუციაში ჩაწერილი აქვს პროდასავლური კურსი. ეს რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტში იქნა მიღებული დაეყრდნო და დაეფუძნა „ფეიკს“ იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეზოლუციის ფაქტობრივი მოცემულობა 90% ტყუილია. როდესაც ტყუილია, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან გახმოვანებული მესიჯის და რეზოლუციის საფუძველი, ეს არის ძალიან სამწუხარო და საგანგაშოც კი. რადგან ეს ევროპარლამენტმა მიიღო და რადგან კანდიდატის სტატუსს ველოდებით, მთავაზობთ მოცემულობას, რომ ეს არ გავაკრიტიკოთ? ეს არის ცუდი, ჩიხური მდგომარეობა თქვენთვისაც და ჩვენთვისაც იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მხრივ გვაქვს ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ტყუილებზეა აგებული და თქვენ მთავაზობთ რომ არ ვთქვათ!

როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც იყო ბევრი „ფეიკი“ ამ რეზოლუციაში. ეს არის სამწუხარო ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომელიც არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც დასავლეთისკენ მივისწრაფით. როდესაც ევროპიდან ასეთი „ფეიკ“ რეზოლუცია მოდის, ეს სამწუხაროა, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს აზიანებს საზოგადოებრივ განწყობებს, მაგალითად, დასავლური კურსის მიმართ. ჩვენ ეს არ გვინდა, პირიქით, ვამბობთ, რომ დასავლური კურსი არის ერთადერთი სწორი მიმართულება ამ ქვეყნისთვის. ჩვენი მეგობრობა დასავლეთთან არ ნიშნავს იმას, რომ ტყუილზე არ ვთქვათ, რომ ეს ტყუილია. ეს კონკრეტული პერსონის კი არა სიმართლის და ჩვენი ევროპული პერსპექტივის დაცვას ემსახურება“, – განაცხადა მდინარაძემ.