“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ვახო მეგრელიშვილის თქმით, მისი ყოფილი თანაგუნდელი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე მათ პარტიაზე ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები აღარ აინტერესებთ, რადგან ვეღარ მიიღებენ იგივე მხარდაჭერას, რაც 2020 წლის არჩევნებზე მიიღეს.
მეგრელიშვილის თქმით, ჯაფარიძისთვის საპირისპიროს დამტკიცება უნდა.
“ჩვენზე ამბობს ზურა ჯაფარიძე მაგას და მე მინდა დავუმტკიცო პირიქით. მასაც უნდა ალბათ, დამიმტკიცოს პირიქით. ეს არის კონკურენცია”,– თქვა მეგრელიშვილმა “კავკასიის” ეთერში.
მისივე განცხადებით, მისთვის მთავარია, დაამტკიცოს, რომ მისი პარტიაა ნამდვილი გირჩი და გაიგოს, საით დარჩა მეტი ამომრჩეველი, მათკენ თუ ზურაბ ჯაფარიძისკენ.
“ჩვენთვის ეს არის საპარლამენტო არჩევნები, ფაქტობრივად. ვთქვათ, ვერ მოიგო ოპოზიციამ 43% და სამი წელი ვრჩებით პარლამენტში და გაქვს 1%, შენი მორალური წონა სულ სხვაა, თუ გაქვს 5%, შენი წონა სულ სხვა არის, მიუხედავად იმისა, რომ ისევ 3 კაცი ხართ. სულ სხვა წონები შეიძლება დალაგდეს. შემოდგომაზე გასაგები გახდება, ვინ ვინ არის”,– აღნიშნა მეგრელიშვილმა.