მეგრელიშვილი: თუ პარლამენტში კოლეგები ვერ შევიყვანეთ, პასუხს ვაგებთ და მხოლოდ ჩვენ შევალთ

გირჩის ერთერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, თუ ქართული ოცნება დათმობაზე წავა, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში სრული შემადგენლობით შევიდეს.

პალიტრანიუსის ეთერში მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ თუ ის ოპოზიციის დათანხმებას ვერ შეძლებს, ის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს და პარლამენტში თავად შევა.

მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ მათ ქართულ ოცნებას ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით “სასწაული პირობა” შესთავაზეს.

“შევთავაზეთ ჩემი აზრით სასწაული პირობა – ანუ თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, მინიმუმ ჩვენ შევალთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი კოლეგები სრული შემადგენლობით, ამ საკითხის გადასაწყვეტად ყველანი შემოვიდნენ პარლამენტში და ერთად მივიღოთ ახალი კონსტიტუცია. თუ ხმებს ვერ მოვაგროვებთ, ჩვენ შევალთ პარლამენტში”, – ამბობს მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ დიდმა პოლიტიკურმა პარტიებმა პირველი ნაბიჯი უნდა გადადგან.

“თუ ჩვენ ვერ შევკრებთ საკმარის რაოდენობას, ამისათვის პოლიტიკურ პასუხს ვაგებთ ჩვენი დაპირებით და მხოლოდ ჩვენ შევალთ პარლამენტში. საჭიროა პარლამენტში შესვლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ოღონდ ეს რომ მოხდეს, იქ მართლა პარლამენტი უნდა იყოს და საჩხუბრად არ უნდა მივდიოდეთ, ერთმანეთის დასახოცად იქ არ უნდა მივდიოდეთ, რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ…

რომელიღაც დიდმა პოლიტიკურმა ძალამ – ნაციონალურმა მოძრაობამ ან ქართულმა ოცნებამ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და გადადგას პირველი ნაბიჯი”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ოპოზიციური პარტიები 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმას თანხმდება, რაც სხვა პარტიებისთვის არასაკმარისია.

ბოიკოტის გამო 2020 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. მოგვიანებით პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა. ასევე, პარლამენტში შევიდნენ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.

სხვა დეპუტატებმა პარლამენტს მანდატების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს, თუმცა, პარლამენტმა მათ ეს განცხადებები არ დაუკმაყოფილა.