მედვედევი, პესკოვი, ზახაროვა – ბრიტანეთმა კიდევ 370 პირი დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები კიდევ 370 ადამიანს დაუწესა, მათ შორის რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს.

სანქციები შეეხო რუსეთის ამჟამინდელ პრემიერმინისტრს, მიხაილ მიშუსტინს, კრემლის პრესსპიკერს, დმიტრი პესკოვს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას, პროპაგანდისტული არხის, Russia Today-ს რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს, რუსეთის პირველი არხის წამყვანს და პროპაგანდისტს, ვლადიმირ სალავიოვს და პუტინთან დაკავშირებულ სხვა პირებს.

მანამდე დიდმა ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები 204 ადამიანსა და 65 ორგანიზაციას დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრეზიდენტი პუტინი, სერგეი ლავროვი, რამზან კადიროვი, რომან აბრამოვიჩი.

სანქცირებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს ბრიტანეთი ქვეყანაში არსებულ აქტივებს უყინავს და მოგზაურობას უკრძალავს.