მედვედჩუკი ხვდება, რომ ის არც რუსეთს სჭირდება და არც უკრაინას – პოდოლიაკი

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა რადიო NV-ს განუცხადა, რომ უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატი, ვიქტორ მედვედჩუკი “არც რუსეთს სჭირდება და არც უკრაინას”.

მისი თქმით, პრორუსი პოლიტიკოსი, რომელიც ეჭვმიტანილია ღალატში, ჩვენებას აძლევს სამართალდამცავებს, რათა “გადარჩეს”.

“ვფიქრობ, დღეს ძალიან, ძალიან ინტენსიურად გვაძლევს ჩვენებას, რადგან მას სურს ცხოვრება. ეს არის ძალიან მშიშარა ადამიანი, რომელსაც ყველაფრის ეშინია. დღეს ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელსაც ნამდვილად სურს გადარჩენა და ხვდება, რომ ის არც რუსეთს სჭირდება და არც უკრაინას“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე განმარტებით, უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ ადამიანების იდენტიფიცირებაა, ვინც მას დაეხმარა გავლენის აღდგენაში.

“როგორ გახდა ასეთი ადამიანი, ყველაზე ძლიერი მედია ოლიგარქი 2015 წლიდან 2018 წლამდე? ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივიღებთ პასუხებს, ვინ დაეხმარა მას ოლიგარქი გამხდარიყო უკრაინაში როგორც მედია, ისე ენერგეტიკის სექტორში. დახმარების გარეშე [და არა მხოლოდ რუსეთის მხრიდან] ეს შეუძლებელი იქნებოდა“,– აღნიშნა პოდოლიაკმა.

უკრაინაში დაკავებულმა მედვედჩუკმა გუშინ პუტინსა და ზელენსკის სთხოვა, მარიუპოლის მცველებსა და მცხოვრებლებში გაცვალონ.

პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლში ნახეს ვიდეომიმართვა, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი რეაქცია არ აქვთ.

პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი 12 აპრილს უკრაინაში დააკავეს.