შეცდომების გასწორება საჭიროდ არ ჩათვალეს – არჩილ გამზარდიას წერილი “მედიაკრიტიკის” მიერ მომზადებულ სტატიაზე

პოლიტოლოგი  და TV “კავკასიის” ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია, “მედიაკრიტიკის” მიერ მომზადებულ სტატიას ეხმაურება, სადაც ნათქვამია რომ ქართული მედია “შიდაპოლიტიკური პერიპეტიებისა და სკანდალების გარჩევით არის დაკავებული” და  აფხაზეთის თემით არ ინტერსდება. არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ სტატიაში სრულად და საკმარისად არ არის შესწავლილი რამდენიმე ტელეკომპანიის პოლიტიკური თოქ-შოუების თემატიკა და “მედიაკრიტიკას” წერილით მიმართავს სადაც, წარმოდგენილია ერთგვარი შუალედური დასკვნა  მისი გადაცემის, “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად”  იმასთან დაკავშირებით თუ რა წილი დაეთმო იმ თემას, რაზეც “მედიაკრიტიკის” სტატიაშია საუბარი. ~

არჩილ გამზარდიას წერილი სრულად :

”მედიაკრიტიკის“ კრიტიკისათვის ანუ ვინ უთმობს დროს აფხაზეთის თემას ტელეგადაცემებში. 2022 წლის 13 თებერვალს „მედიაკრიტიკაში“ გამოქვეყნდა სტატია – „აფხაზეთზე უფრო მნიშვნელოვანი (?) თემები ქართულ მედიაში“ (ავტორი საერთაშიროსო ურთიერთობათა ექსპერტი. პროფესორი თორნიკე შარაშენიძეა). საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: „სერიოზულ გადაცემებსა და მსჯელობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე მე პირადად ვერ ვიხსენებ (ყოველ შემთხვევაში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“. „თუ პოლიტიკოსებს არ აინტერესებდათ ან ამა თუ იმ მიზეზით თავს იკავებდნენ გადაცემებში მონაწილეობისგან, მედიას შეეძლო ექსპერტებად და ანალიტიკოსებად წოდებული ადამიანები მიეწვია გადაცემებში და მათთან ერთად ეცადა გაერკვია – რას შეიძლება ნიშნავდეს ამგვარი სიგნალები სოხუმიდან.“

სტატიაში საუბარია ტელემედიასა და სატელევიზო თოქ-შოუების შესახებ და თანაბრად, ყველა სატელევიზიო თოქ-შოუს შესახებ იდენტური შეფასებაა გაკეთებული, რომლის მიხედვითაც მედიას აფხაზეთის (და არა მხოლოდ) თემა არც აინტერესებს და არც დროს უთმობს, ფრაგმენტული ნიუსების გარდა. ზოგადად, ვიზიარებ იმ ნაწილს, რომ აფხაზეთისა და შიდა ქართლის ცხინვალის რეგიონის თემები, სამწუხაროდ, მედიის დღის წესრიგში ნაკლებად ხვდება და არ მიმდინარეობს შუალედური, მითუმეტეს სიღრმისეული მსჯელობა ამ თემებზე, სიტუაციური ანალიზი და განსხვავებებზე ან კონკრეტულ მიმდინარე თემებზე მსჯელობა, თუმცა, დანანებით მინდა ვთქვა, რომ სტატიაში სრულად და საკმარისად არ არის შესწავლილი სულ რამდენიმე ტელეკომპანიის პოლიტიკური თოქ-შოუების თემატიკა და არც გამონაკლისებზეა საუბარი. ხსენება თუნდაც იმისთვის, რომ მეტი სტიმული მიეღოთ გამონაკლისებს მაშინ, როდესაც მიმდინარე, მომხმარებლის ზედაპირულ ინტერესებზე აგებული გადაცემების პარალელურად, არსებობს შემთხვევები, როდესაც ტელეკომპანიებიც და ავტორებიც, „ყურებადზე“ მეტად „მნიშვნელოვანს“ უთმობენ დროს და სივრცეს უამრავი პრობლემის მიუხედავად.

როგორც პროფესიით პოლიტოლოგმა, ამ შემთხვევაში სატელევიზიო გადაცემის ავტორმა და წამყვანმა მინდა წარმოგიდგინოთ ერთგვარი შუალედური ანგარიში, მაგალითად, ბოლო 3 თვეში ჩემს გადაცემაში, „არჩილ გამზარდიას პოლიტიკა“ რა წილი დაეთმო იმ თემას, რაზეც სტატიაშია საუბარი.

„აფხაზეთისა“ და “ცხინვალის“ თემა არჩილ გამზარდიას „პოლიტიკა“ ბოლო 3 თვის განმავლობაში (2021 წლის 2 დეკემბერი – 2022 წლის 15თებერვლის პერიოდში):

1) 18.02.2022 – ცხინვალსა და აფხაზეთში დატყვევებული საქართველოს მოქალაქეების „სასამართლო პროცესები“ და მდგომარეობა. (დავით ქაცარავა – „ანტისაოკუპაციო მოძრაობა“. ლევან გერაძე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის დირექტორი. გოგა აფციაური – ჟურნალისტი)

2) 15.02.2022 – რუსეთის თავდასხმის მოლოდინები და რუსული პროპაგანდა უკრაინაში. – განხილული იყო ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტიც. (ნიკოლოზ ვაშაკიძე, ლაშა ტუღუში).

3) 10.02.2022 – აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების გამოსვლა იტალიის პარლამენტში.
აგვისტოს ომი ევროპულ სასამართლოში – საქართველოს მოქალაქეები რუსეთის წინააღმდეგ. (ნიკა სიმონიშვილი, ზურა ბედიანიშვილი).

4) 10.02.2022 – რუსული ოკუპაციური პოლიტიკა – განხილული იყო ოკუპირებული ტერიტორიების თემაც. (გიორგი კანაშვილი – კონფლიქტოლოგი.
გიორგი მელაშვილი – „ქართულ-ევროპული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი.
პაატა ზაქარეიშვილი – კონფლიქტოლოგი.)

5) 03.02.2022 – სხვა თემები.
6) 01.02.2022 – სხვა თემები.

7) 27.01.2022 – რუსული პოლიტიკა – განხილული იყო ოკუპირებული ტერიტორიების თემებიც – (გიორგი კანაშვილი – კონფლიქტოლოგი. რეზი თოფურია – საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. ლაშა ტუღუში – პოლიტიკისა და მედიის ექსპერტი.)

8) 25.01.2022 – სხვა თემები.

9) 20.01.2022 – პროექტი „რუსული იმპერია“ და მორიგი რუსული საფრთხეები. – განხილული იყო ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტიც. (მამუკა გამყრელიძე – „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი. გიორგი მელაშვილი – ევროპულ- ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი).

10) 18.01.2022 – სხვა თემები.

11) 11.01.2022 – რუსული აჩრდილი და საქართველო. – ოკუპირებული ტერიტორიების თემა 1 ბლოკში (პაატა ზაქარეიშვილი – კონფლიქტოლოგი. თემატურად – თორნიკე შარაშენიძე – საერთაშიროსო ურთიერთობათა ექსპერტი. პროფესორი).

12) 30.12.2021 – სხვა თემები.

13) 28.12.2021 – ოკუპაციური პოლიტიკა საქართველოში – ბიბილოვის განცხადება, ქართველების გატაცების გახშირება, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები. (გიორგი კანაშვილი – კონფლიქტოლოგი. ანა გახოკიძე – „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევარი)

14) 23.12.2021 – სხვა თემები.
15) 21.12.2021 – სხვა თემები.

16) 16.12.2021 – ოკუპირებული ტერიტორიების თემა 3 ბლოკი (პაატა ზაქარეიშვილი – კონფლიქტოლოგი.)

17) 14.12.2021 – დავა შერიგებაზე და გატაცებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. (დავით ქაცარავა – ანტისაოკუპაციო მოძრაობა. ვაჟა გაფრინდაშვილი – მედიკოსი.)

18) 09.12.2021 – აფხაზური ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან საზღვრების დადგენას ითხოვს? – ჟენევის შეხვედრა და ოკუპირებული ტერიტორიები. 2 ბლოკი (ნიკოლოზ ვაშაკიძე – საგარეო საქმეთა მინისტრის და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მოადგილე.
ზურაბ ბენდიანიშვილი – კონფლიქტოლოგი, „დევნილთა უფლებებისათვის კოალიციის“ თავმჯდომარე.)

19) 07.12.2021 – სხვა თემები.

20) 02.02.2021 – აფხაზეთში ქართველებს ქართველობაზე უარს აიძულებენ – „თაფლაკვერის პოლიტიკა“. 1 ბლოკი (გიორგი კანაშვილი – კონფლიქტოლოგი. ანა გახოკიძე – „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევარი.)

როგორც ვხედავთ, 20 გადაცემიდან 12-ში საუბარი იყო ე.წ. „ოკუპირებული ტერიტორიების“, იქ არსებულ თემებზე და მიმდინარე თემების ანალიზი განხილული იყო კონფლიქტების კონტექსტში, ზეგავლენებზე, რისკებზე, შესაძლებლობებზე, გადაცემების მეოთხედი ანუ 20-დან 6 გადაცემაში კი საკვანძო თემებად იყო გამოტანილი, როგორც შიდა ქართლის ცხინვალის რეგიონის, ასევე აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, მიმდინარე კვლევები ამ ტერიტორიებზე, უახლოესი ამბები და ა.შ.

სტატიის ბოლოს ვკითხულობთ „დღეს განსაკუთრებით საჭიროა დებატები და დისკუსიები ისტერიკებისა და პოპულიზმის გარეშე, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს უფრო ადეკვატურ დასკვნებთან, პოზიციებთან და კონსენსუსთან მტკივნეულ საკითხებთან მიმართებაში, რაც ნამდვილად გვჭირდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად გავაგრძელებთ ერთი ადგილის ტკეპნას და სასწაულის ლოდინს. ასეთი დისკუსიები და დებატები კი მედიის გარეშე ვერ შედგება.“ ამ ნაწილში ავტორს ნამდვილად ვეთანხმები, სიამოვნებით ვუხდი მადლობას ყველა იმ თემაში თანამონაწილეობისას, როდესაც მას, როგორც სტუმარს ვთხოვ ჩართულობას.

ვუერთდები ავტორს და იმედი მაქვს, მედია უფრო მეტად დაინტერესდება ამ თემებით, კიდევ უფრო გაიზრდება ჩართულობა იმ ადამიანებისა, ვინც ისაუბრებს ე.წ. „გაყინული კონფლიქტების“ თემებზე, ასევე მეტ სტიმულს მივიღებთ ის ადამიანებიც, ვინც გარემო ზედაპირული თემებისადმი ინტერესის მიუხედავად, ვცდილობთ ფასეულზე და მნიშვნელოვანზე ვისაუბროთ და მართლაც, ერთი ადგილის ტკეპნის ნაცვლად, სახელმწიფოს პრიორიტეტებს წინ წავწევთ.

p.s. ეს მცირე წერილი mediacritic.ge -ს გავუგზავნე, პირველ რიგში, გამოსაქვეყნებლად, გაეცნენ, მაგრამ სამწუხაროდ, გამოქვეყნება და შეცდომების გასწორება კომუნიკაციების კომისიის ამ ვებ საშუალებას, საჭიროდ არ ჩაუთვლია. ასე არ მიიღო მედიაკრიტიკა mediacritic.ge-მ, რითიც არაეთიკურადაც მოიქცა და საკუთარი ფუნქცია, მედიის ობიექტური შეფასება, გააქარწყლა. სამწუხაროდ.

არჩილ გამზარდია

პოლიტოლოგი

ავტორი და წამყვანი „არჩილ გამზარდიას პოლიტიკა“, ტელეკომპანია „კავკასია“.