მედია თუ რამეს წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია – გახარია შაქარაშვილის საქმის გამოძიებაზე

“მედია საერთოდ თუ რაღაცას წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია, ეს არის უაღრესად ცუდი”– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლებაც მას აქვს.

„მედია საერთოდ თუ რაღაცას წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია, ეს არის უაღრესად ცუდი, რადგან მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლებაც მას აქვს, მაგრამ ეს არის ვერსიები. ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ პირველ რიგში ოჯახის მორალურ მდგომარეობას და ჩვენი საზოგადოების მორალურ მდგომარეობასაც.

მე ვიქნები ამაში პირადად დაინტერესებული, თუკი იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გამოვიძიოთ საქმე და ვნახოთ დამნაშავე, ვინ იყო დამნაშავე. ამის შემდგომ, თუ იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ეს ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავისი მოვალეობა, იქნება დასჯილი.

შიდა საქმეებში, შიდა გამოძიებაში მე, როგორც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა რა თქმა უნდა, საკითხი კონტროლზე მაქვს“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის პოლიტიზება ხდება.

“ამ საკითხზე საუბრის ამოწურვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად დიდი ტრაგედია. ეს არ არის ცალკე აღებული, კონკრეტული ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. სამართალდამცავ სისტემას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რომ უმოკლეს ვადაში ეს ყველაფერი იყოს გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს პირველ რიგში ოჯახს და რა თქმა უნდა, საზოგადოებას. ეს არის სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა და მერწმუნეთ, რომ ამ სისტემას ეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ არანაირი სივრცე საკითხის პოლიტიზებისთვის. სამართალდამცავმა სისტემამ და გამოძიებამ ეს სივრცე არ უნდა დატოვოს. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, სამწუხაროდ, ხდება ამ საკითხის პოლიტიზება. ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედია და ჩვენ, მოქალაქეებმა, ჩვენი ზრუნვა ოჯახზე პირველ რიგში უნდა გამოვხატოთ იმით, რომ ცოტა უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების მორალურ მდგომარეობას“, – განაცხადა პრემიერმა.