მედიით მცირე ინციდენტებიც შუქდება, რაც ქმნის განცდას, რომ დანაშაულმა იმატა – გომელაური

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამტკიცებს, რომ დანაშაულის მატების განცდას მედიასაშუალებები ქმნიან, რადგან ყველა ინციდენტს ინტენსიურად აშუქებენ.

“თქვენ გაეცანით ამ რეალურ ციფრებს, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას დანაშაულთან მიმართებაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მედია საშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც ქმნის განცდას რომ დანაშაულმა იმატა. ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია რომ მედია თავისუფალია, ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, ოპონენტების განცხადებები, თითქოს კრიმინალმა იმატა, პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

გომელაურის ინფორმაციით, დანაშაული წინა წელთან შედარებით 10%–ით არის შემცირებული, მათ შორის: ყაჩაღობა 42%–ით შემცირდა, ძარცვა 25%–ით, ხოლო ქურდობა 12%–ით.