„მედიის ყოფნა სასამართლოში, ისევე როგორც ფოტო/ვიდეო გადაღების დაშვება, უფრო მეტად, ვიდეო გადაღების, ემსახურება ერთ მთავარ მიზანს – დისკრედიტაცია მოახდინოს სასამართლოსი და სასამართლოს პროცესზე განხილული საკითხი გადაფაროს პერფორმანსით. ამის იმდენი მაგალითი იყო უკვე, იმდენი ემოცია დაიხარჯა ამაში და ისეთი რაოდენობის პროპაგანდისტული, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, იძულებული გახდა სახელმწიფო, საკანონმდებლო ორგანო, რომ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება სწორედ ისეთი, რომელიც არა ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქმედებს. მთავარია, მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელსაც უნდა დაუპირისპირდეს ბრალმდებელი და ადვოკატი. ამ საკითხებთან მიმართებაში ინფორმაციის გავრცელების არანაირი პრობლემა არ არსებობს. პრობლემა არის ერთი, როდესაც კამერას ხედავენ, სასამართლოს მიმდინარეობა პრაქტიკულად, რაღაც ბრძოლის ველად არის ხოლმე გადაქცეული. ასე რომ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მართებულია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია არ უნდა გავრცელდეს, კომენტარები არ უნდა გააკეთონ ბრალდების მხარემ და დაცვის მხარემ. ყველაფერს სჭირდება გარკვეული სტანდარტის ფორმატში მოყვანა,”

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.