მედინსკი:რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად არის

მოსკოვს უარი არასოდეს უთქვამს მოლაპარაკებებზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, მაგრამ კიევი მათ ბლოკავს – ამბობს რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის წარმომადგენელი ვლადიმირ მედინსკი.

ასოშეითედ პრესის ცნობით, ბელორუსულ ტელეარხთან ინტერვიუში მედინსკიმ თქვა, რომ რუსეთს უარი არასოდეს უთქვამს მოლაპარაკებებზე, მათი “გაყინვა“ უკრაინის ინიციატივაა და ახლა “ბურთი უკრაინელების მოედანზეა.“

“ჩვენის მხრივ, ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის“–თქვა მან.

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები – როგორც პირადი, ასევე ვიდეოკავშირის საშუალებით უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე დაიწყო.

მარტში ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა შეხვედრა თურქეთში გამართეს, რომელსაც მოჰყვა დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები სტამბულში, თუმცა მათ რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.

გასულ კვირას უკრაინის მხრიდან მთავარმა მომლაპარაკებელმა, მიხაილ პოდოლიაკმა თქვა, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები დაპაუზებულია.

მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ თქვა, რომ არ აპირებს ისეთი შეთანხმებების დადებას, რომელთა შედეგად უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დაკარგვას აღიარებს.