თბილისის მედიცინის ინსტიტუტის მთავარი ექიმის, ლევან ყურაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით სულ 5 თანამშრომელია ინფიცირებული. კლინიკა დახურულია და კარანტინია გამოცხადებული.
ყურაშვილის თქმით, კლინიკის ერთ ექიმსა და სამ საშუალო მედპერსონალს ვირუსი ერთ-ერთი საშუალო მედპერსონალისგან გადაედოთ, რომელიც არის ინფიცირებული სასულიერო პირის და.
,,მე გიდასტურებთ ერთ რამეს, რომ ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად, ჩვენი თანამშრომელი, რომელიც არის საშუალო მედპერსონალი და რომელიც არის ინფიცირებული და იყო სიმპტომური, იმისგან მოხდა ვირუსის გავრცელება კლინიკის შიგნით. მისი ძმა, მისი ოჯახის წევრი სასულიერო პირია, თუ არაა სასულიერო პირი, ეს უკვე არ არის ჩემთვის ცნობილი,”- განაცხადა მედიცინის ინსტიტუტის მთავარმა ექიმმა.
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, ინფიცირებული სასულიერო პირი თავის 3 ოჯახის წევრთან ერთად კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. ის ამბობს, რომ რომელს რომლისგან გადაეცა ვირუსი, ჯერჯერობით არ იციან.
ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სასულიერო პირმა რამდენიმე დღის წინ წირვა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსულ ტაძარში სხვა მღვდლებთან ერთად ჩაატარა.