Covid 19-ით დაინფიცირებული მწერალი როსტომ ჩხეიძე ადგილების უქონლობის გამო სამკურნალოდ ციხის საავადმყოფოში მოხვდა. დაავადების გართულების ეტაპზე მან რამდენიმე კლინიკა მოიარა, რომელთაგან ერთ–ერთი ციხის საავადმყოფო იყო. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მწერალი ამბობს, რომ არც კი იცოდა, რა დაწესებულებაში მკურნალობდა:
„თავიდან არ ვიცოდი, ციხის საავადმყოფო რომ იყო. უადგილობის გამო კოვიდიანებისთვის ჰქონდათ გამოყოფილი პალატები. ტომოგრაფიაზე რომ ჩავყავდით, რამდენიმე კაცი შემხვდა, თქვენ რაზე ზიხართო. ვერ გავიგე რას მეკითხებოდნენ. მე მეექვსე პალატაში ვარ-მეთქი. არა, რაზე ზიხართო. კიდევ ვერ გავიგე და ფანჯარასთან ვწევარ-მეთქი. აა, ფანჯარასთანო. ზოგი კარგად რომ დამაკვირდებოდა, მეტყოდა, ალბათ სამეურნეო საქმეებზე ზიხარო, ბუღალტერია და მსგავსი რაღაცეები. თან მერე გადაძახილები იყო საავადმყოფოში, კაკუნი, ბრახუნი, ციხეში როგორც ხდება. სანამ გავიგებდი, სად ვიყავი, ვფიქრობდი, რაღაც ხომ არ მეჩვენება-მეთქი.
მე 1832 წლის შეთქმულების ამბავს ვიკვლევ. სოლომონ დოდაშვილი, ალექსანდე ორბელიანი და სხვები ყაზარმაში რომ წაიყვანეს, ერთმანეთს წერილებს უყრიდნენ: სოლომონ, აქა ხარ? ელიზბარ, აქა ხარ? რომ გაეგოთ ვინ იყო დაპატიმრებული და სად იჯდა. ამ გადაძახილებზე სულ ისინი მახსენდებოდა“.
ბოლოს, როდესაც გაირკვა, სად მიიყვანეს სამკურნალოდ, როსტომ ჩხეიძე თავადაც გაეხუმრა პატიმრებს – ახლა მძევლად არ ამიყვანოთო.
„რა უნდა აგიყვანოთ, თვითონ აგვიყვან ყველას ერთადო, ავად იყვნენ ისინიც, ერთმანეთს ეყუდებოდნენ. რომ გამომწერეს და გამოვდივარ საავადმყოფოდან, საბუთები წარმოადგინეო. არაფერი საბუთი თან არ მქონდა. ატყდა სტვენა, გნიასი, შემომარტყეს ალყა, პატიმარი გარბისო. თან ისე მეცვა, მართლა კატორღელს ვგავდი: სპორტული შარვალი, ზემოდან ქურთუკი, კეპიანი ქუდი, გაუპარსავი წვერი… მძღოლი მანქანით მელოდებოდა ქვევით. გაიგო, პატიმარი გარბისო და გადმოვიდა, აინტერესებდა, ვინ გარბოდა, შევრჩი მე. მერე ექიმი ჩამოვიდა და დაადასტურა, რომ არ ვიყავი პატიმარი.
ახლა სახლში ვაგრძელებ მკურნალობას, სუსტად ვარ, მაგრამ მაგის არ შეგეშინდესო, მითხრეს. წამლებს ისევ ვსვამ, სიცხე არ მაქვს. გადავრჩი, ექიმებმა გადამარჩინეს. უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი რისკის ფასად მუშაობენ, ფაქტობრივად ფრონტზე არიან“. – ამბობს მწერალი.