“მელამ მოწმედ საკუთარი კუდი მოიყვანა”,– ასე ეხმიანება ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ირაკლი კობახიძის სუს–ში დაკითხვას.
კაპანაძის თქმით, ხელოსუფლება ოპოზიციისა და ხალხის შეშინებას ცდილობს.
“იმის გამო, რომ ხალხს არჩევანი მოპარეს, ხალხი გარეთ გამოსვლასა და გაპროტესტებას აპირებს. ეს ხანგრძლივი და ხალხმრავალი პროტესტი იქნება. ხელისუფლება სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებას ცდილობს. ერთი მხრივ აპირებენ, ოპოზიცია შეაშინონ. ეს მცდელობა სრულიად წარუმატებელი იქნება, მაგრამ ამას აპირებენ. მეორეს მხრივ, ხელისუფლება აპირებს, შეაშინოს ხალხი. ხალხს იმით აშინებს, რომ პანდემიაა და გარეთ არ უნდა გამოვიდნენ. ამ მიზეზით რაღაც შეზუდვების შემოღებას აპირებს, ხოლო ოპოზიციას დაფინანსების შეწყვეტით ევაჭრება. დაფინანსება ის საკითხი არ არის, რომლის გამოც ოპოზიცია არჩეულ სტატეგიაზე უარს იტყვის. ახლა მოიგონეს ის, რაც მათი მხრიდან დიდი ხანია გვესმის, რომ თითქოს ოპოზიცია გადატრიალების მოწყობას აპირებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 5 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გამოკითხეს. როგორც კობახიძემ განმარტა, მისი გამოკითხვა ბრიფინგზე გაჟღერებულ ინფორმაციას ეხებოდა, რომელიც ქვეყანაში ე.წ. რევოლუციურ სცენარს უკავშირდება. მმართველის პარტიის ლიდერის მტკიცებით, მან სუს–ს მიწოდა ადამიანთა სია, ვინც “რევოლუციურ სცენარში” აპირებდა მონაწილეობას.