მელაშვილსა და ილიჩოვას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს, 8 ოქტომბერს წარუდგენენ.

დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით სავარაუდოდ პატიმრობას მოითხოვს.

მელაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურასთან ნებისმეირ შეთანხმებას გამორიცხავს.

“დიდი ალბათობით, პროკურატურა მოითხოვს პატიმრობას. ჩვენ პოზიცია არის, რომ არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული პატიმრობა იმიტომ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს. ბატონი ივერი თვლის, რომ ეს საქმე უკავშირდება გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარეს ქვეყანაში, გარკვეულ პოლიტიკური კონტექსტი გააჩნია. აპირებს ბოლომდე სამართლებრივ ბრძოლას და არცერთ შემთხვევაში რაიმე ფორმით პროკურატურასთან, ან შეთანხმებაზე საუბარი, ან სხვა სახის საუბარი გამორიცხულია”, – თქვა მარიკაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და საბჭოს წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი საქართველოს საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.