ნიკა მელიას ადვოკატები ენმ-ს თავმჯდომარესთან შესახვედრად საპატიმროში შედიან. შესვლამდე გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ ეს რიგითი შეხვედრაა.
“ნიკას პოზიცია ძალიან კარგად არის ცნობილი ყველა საკითხზე, მათ შორის, გირაოზე და ყველა თემაზე, რომელიც დღემდე იყო გაჟღერებული. ეს არის ჩვენი ჩვულებრივი, მორიგი შეხვედრა. დღესასწაულები იყო, ვერ შევხვდით ხუთშაბათის შემდგომ”,– ამბობს კონდახიშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ, როგორია ნიკა მელიას პოზიცია, ადვოკატი პასუხობს, რომ “რაღაც აბსოლუტურად გაუგებარი მოლოდინები იქმნება”.
ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ციხეში ნიკა მელიას შეხვდა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მან თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე 20 ივნისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას ეთანხმება, თუმცა დეტალურ განცხადებას თავად გააკეთებს.