მელიას გირაო სინამდვილეში გავრილოვის ხარკია, ხარკს არავის გადავუხდით – უგულავა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ნიკა მელიას გირაო სერგეი გავრილოვის ხარკია, საზოგადოება კი ხარკის გადახდას არ აპირებს.

“ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი. ჩვენ საქართველოს თავისუფალ საზოგადოებას გავრილოვის ვალი არ გვაქვს და ხარკსაც არავის გადავუხდით. საქართველოს პოლიციამ კი გადაწყვიტოს, მხარესაა, გავრილოვის თუ საკუთარი ხალხის”,– წერს უგულავა Facebook–ზე.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა, ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ კი აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარამდე გაიზარდა.

მელიას გირაოს გადახდის ვადა 2 დღის წინ ამოეწურა. ენმ–ს თავმჯდომარე მის გადახდას არ აპირებს.

პროკურატურამ პარლამენტს მელიასთვის მანდატის მოხსნის მოთხოვნით მიმართა, რათა მისი დაპატიმრება შეძლოს. ქართული ოცნება აცხადებს, რომ მელიას მანდატს მოუხსნიან.