მელია: გახარია ცდილობს, თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს, ჩემი დაპატიმრების წინააღმდეგი იყო

ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს მიმართა. მისი თქმით, სანამ მოსამართლე მის დაკავებაზე იმსჯელებდა, პოლიტიკურ ხელმძღვანელებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ.

მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ირაკლი კობახიძე მოწმის სახით დაიბაროს.

“თქვენ თქვენ რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ, ცოტა მომავლის გადმოსახედიდანაც ხომ უნდა იმსჯელოთ. კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენ რეპუტაციას შელახავს? ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება? ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი.

რა თქმა უნდა, ჩემ დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა მიცემული თანხმობა და კობახიძესაც. ახლა რომ გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს, წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, ის ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ”, – განაცხადა მელიამ.