მელია დავინახე, ვარჯიშობდა, ესაა ერთადერთი გადაკვეთა – გახარიას პარტიის წევრი

გახარიას პარტიის დელეგაციის წევრი, ლევან დოლიძე ეხმიანება რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გახარია და სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. დოლიძის თქმით, სასტუმროში სააკაშვილთან ერთად არ ყოფილან.

„არცერთი დღე ჩვენ და მიხეილ სააკაშვილი ერთად ამ სასტუმროში არ ვყოფილვართ. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებიდან ჩამოვფრინდით. მოგეხსენებათ, გიორგი გახარია და კახა ქემოკლიძე აქ ბრიუსელიდან ჩამოფრინდნენ, მე იმავე დღეს, საღამოს – თბილისიდან. ჩვენ სასტუმრო „Mayflower“-ში ნამდვილად შევხვდით ერთმანეთს, მხეველობაში მაქვს, კახა ქემოკლიძე, გიორგი გახარია და მე. მეორე დღესვე გადავინაცვლეთ სხვა სასტუმროში, სადაც თვალით არ გვინახავს არც მიხეილ სააკაშვილი, არც ნიკა მელია”,– ამბობს ის პალიტრანიუსთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ნიკა მელია მანქანიდან ვარჯიშის დროს დაინახა.

“ნიკა მელიასთან დაკავშირებით, მინდა ერთი რამ გითხრათ, როდესც ერთ შეხვედრაზე მივდიოდი, მანქანაში ვიჯექი და დავინახე, რომ ნიკა მელიამ სწრაფი სირბილით ჩაირბინა სპორტულ ტანსაცმელში. როგორც შემდეგ მომივიდა ინფორმაცია „ფეისბუქზე“, ის ვარჯიშობდა. ეს არის ერთადერთი გადაკვეთა, თუ ამას შეიძლება ეწოდოს გადაკვეთა“, – განაცხადა დოლიძემ.