კოორდინირებული ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე ქართულ ოცნებასთან და გიორგი გახარიას პარტიასთან კოალიციას გამორიცხავენ.
“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ქართულ ოცნებაზე ამბობს, “ლაპარაკი ყველასთან საჭიროა, კოალიცია გამორიცხულია”.
ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცადებით, ქართულ ოცნებასთან კოალიცია შესაძლებელი იქნებოდა, მმართველი პარტიის ლიდერების “დაშვების დონეზე მაინც” რომ მოეხდინათ ამ ქვეყანაში კოალიციური მმართველობის არსებობის დემონსტრირება, თუმცა იქიდან გამომდინარე, “თუ როგორ პოზიციონერებენ, სადამდე მიიყვანეს ეს სახელმწიფო და დაუფარავად ქვეყანას საგარეოპოლიტიკურ კურსს უცვლიან”, თანამშრომლობა გამორიცხულია.
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, თანამშრომლობის შესაძლებლობას უშვებს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც არ იტყუება, რის გამოც ქართულ ოცნებასთან და გახარიასთან თანამშრომლობა გამორიცხულია.
“თანამშრომლობის შინაარსი არის ის, რომ რაღაცაზე რომ ვთანხმდებით, ეს რაღაცა მერე უნდა შესრულდეს და ერთმანეთს არ უნდა ვატყუებდეთ, ამის გარეშე მე თანამშრომლობა უბრალოდ არ მესმის. დღევანდელ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა არის გამორიცხული, ისევე როგორც გახარიასთან”, – თქვა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ახლა ოცნებისა და გახარიას პარტიის წევრები “მატყარები და გადამგდებები” არიან.
ნიკა მელია გახარიასთან არამარტო კოალიაციას, არამედ ადამიანურ ურთიერთობააც გამორიცხავს, სანამ ის 2 შეცდომაზე სიმართლეს არ იტყვის – 20 ივნისის მოვლენებზე და ია კერზაიას სიკვდილზე.
“20 ივნისს რაც მან იკადრა, ჯერჯერობით ამ ყველაფერს ამართლებს და არა პირიქით. ამიტომ, როგორ შეიძლება მე მქონდეს ამ პიროვნებასთან პოლიტიკური ურთიერთობის შესაძლებლობა, სანამ ეს ადამიანი არ იტყვის სიმართლეს. თუ მოიკრებს ძალას და იტყვის სიმართლეს, ამის შემდეგ შეიძლება ბევრმა ადამიანმა პოზიცია შეიცვალოს. მასზეა დამოკიდებული”,– თქვა მელიამ.
რაც შეეხება თავად გახარიას პოზიციას, ის ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ან ნაციონალურ მოძრაობას კოალიციას იმ შემთხვევაში შეუქმნის, თუ ისინი დაიშლებიან, სახეცვლილებას განიცდიან და მასში არ იქნებიან “კონკრეტული რადიკალები”.