დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსი ოფიცრები საკუთარ ჯარისკაცებს, ვინც მათი ბრძანების შესრულებაზე უარს ამბობს, აუპატიურებენ. უფრო მეტიც, ისინი წვავენ იმ სამხედროების ცხედრებს, ვინც დეზერტირობა სცადა. ამის შესახებ უკრაინული მედია ტელეგრამ არხ “РИА Мелитополь”–ზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა Unian–ის ინფორმაციით, თავად მელიტოპოლში ოფიცრები ცდილობენ ნორმალურად მოიქცნენ, თუმცა ქალაქის გარეუბნებში მხეცურად იქცევიან და თავნებობენ. საქმე იმაშია, რომ რუს ჯარისკაცებს აღარ უნდათ ბრძოლა და დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულება, თუმცა ხელმძღვანელობა მათ დამორჩილებას ცდილობს.
“თვითმხილველთა ნაამბობი მელიტოპოლის რაიონიდან ნათელს ხდის, რატომ გარბიან ოკუპანტები მასობრივად საკუთარი არმიიდან. სინამდვილეში “მსოფლიოს მეორე არმია“ ჯოჯოხეთური საშინელების და არაადამიანური სიმხეცის ბუდეა. როგორც აკიმოვკის მაცხოვრებლები იტყობინებიან, 9 ივლისს რუსმა სამხედროებმა თავისივე ჯარისკაცების ძებნა გამოაცხადეს, რომლებმაც 60 კაციანი შემადგენლობით თვითნებურად დატოვეს საოკუპაციო ჯარების დისლოკაციის ადგილი. დეზერტირების ძებნისას ოკუპანტებმა ტოტალური “შმონი“ მოაწყეს: ამოწმებდნენ ადგილობრივების დოკუმენტებს, ჩხრეკდნენ ავტოფარეხებს და მიტოვებულ შენობებს“– წერს გამოცემა.
მელიტოპოლელი ექიმების ინფორმაციით, ივლისის დასაწყისში რუსმა ჯარისკაცმა საკუთარ თავში ისროლა, რომ ფრონტზე არ გაეშვათ. ის ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
“РИА Мелитополь”–ის ინფორმაციით, მედიკოსები საუბრობენ მეთაურების მიერ 3 რუსი ჯარისკაცის გაუპატიურებაზე. ბრძანების შეუსრულებლობის გამო ჯარისკაცები ადგილობრივი პოლიციის განყოფილების შენობაში გააუპატიურეს. აკიმოვკის მაცხოვრებლები ასევე აცხადებენ, რომ პოლიციის შენობის ეზოში რუსები საკუთარი ჯარისკაცების ცხედრებს წვავენ. მათი უმრავლესობა დეზერტირობის და უფროსობის ბრძანების შეუსრულებლობის გამო აწამეს და მოკლეს.–წერს გამოცემა.