უკრაინული მხარის მიერ მელიტოპოლში რუსების ბაზის დაბომბვის შედეგად სავარაუდოდ 200–300 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულმა ევგენი ბალიცკიმ წუხელვე მელიტოპოლზე თავდასხმა დაადასტურა და თქვა, რომ გარდაიცვალა 2 და დაშავდა 10 ადამიანი. მისი თქმით, განადგურდა რეკრეაციული ცენტრი, სადაც საღამოს მშვიდობიანი მოქალაქეები სადილობდნენ. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამ ცენტრში სამხედროები იყვნენ განთავსებული, კერძოდ, ეს იყო 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ბანაკი , რომელიც ძირითადად ჩრდილოეთ ოსეთის მებრძოლებისგან შედგებოდა. სავარაუდოდ მათ შორის იყო ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. დამსახურებული არტისტი სოსლან ფიდაროვი, რომელიც ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე „ჰუმანიტარული მისიით“ ჩავიდა საოკუპაციო კონტიგენტის მხარდასაჭერად.
ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ხანძრით განადგურებული ბაზის კადრები, სადაც უამრავი მოკლული და დაჭრილი სამხდრო ჩანს.
ადგილობრივების ცნობით, ამავე ბაზაზე იყვნენ კადიროველებიც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მოკლულებს შორის სავარაუდოდ არის კადიროვის მიერ ადგილობრივ მეთვალყურედ დანიშნული მურად საიდოვიც.
დარტყმა ბაზაზე სავარაუდოდ HIMARS–ით განხორციელდა.
როგორც ადგილობრივმა გამოცემამ გაარკვია, დასასვენებელ ცენტრ „მონადირეთა სასახლეში“ კადიროველები ცხოვრობდნენ. ადგილობრივების თქმით, ოკუპანტების დანაკარგების მასშტაბზე უკვე ისიც მეტყველებს, რომ მათ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები მთელი ქალაქიდან, ყველაზე შორეული გარეუბნებიდანაც გამოიძახეს. დაზარალებულები სასწრაფოდ გადაიყვანეს ყირიმში, რადგან მელიტოპოლის საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის.
ადგილობრივი გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ცენტრში კარგ პირობებში არა ჩვეულებრივი კადიროვიელები, არამედ მეთაურები ცხოვრობდნენ.
“დანამდვილებით ცნობილია, რომ რეკრეაციულ ცენტრში რუსი ოკუპანტები ცხოვრობდნენ. ისვენებდნენ, მხიარულობდნენ, რესტორანში ჭამდნენ და საუნაში ისვენებდნენ. ცხადია, ასეთ მდიდრულ პირობებში რიგით ჯარისკაცებს არავინ მოათავსებდა, რაც ნიშნავს, რომ ღამის დარტყმის შედეგების მიხედვით, მელიტოპოლის საოკუპაციო შენაერთებმა მათი ელიტა დაკარგეს. წინასწარი ინფორმაციით, მელიტოპოლში განლაგებულმა კადიროველებმა ყველაზე დიდი ზარალი განიცადეს“–წერს გამოცემა.