მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.  თბილისის მერიამ გამოცემას აცნობა, რომ  გამზირზე მოძრაობის შეცვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის რეაბილიტაციის ჩატარების შემდეგ იგეგმება.

თბილისის მერია განაგრძობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. 2022 წელს იგეგმება ორი დიდი გამზირის – ქეთევან დედოფლის და მელიქიშვილის გამზირების სრული რეაბილიტაცია. ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო არეალი შეადგენს 1.7 კმ-ს და მოიცავს მეტროსადგურ ავლაბრიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთს. ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდება.

რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირს, მისი სრული რეაბილიტაცია ითვალისწინებს სამუშაოებს ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის კუთხემდე, რისთვისაც თბილისის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამასთან, ფრანგული კომპანია “სისტრას” ხელშეკრულება არ გულისხმობდა ქუჩების დეტალურ დიზაინს, მათი ამოცანა ქსელის შექმნა და მისი იერარქიის განსაზღვრა იყო, ხოლო ზუსტი მარშრუტები და ქუჩების დიზაინი იმპლემენტაციის პროცესში უნდა განხორციელდეს. თუმცა, ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით ვმუშაობთ უცხოელ ექსპერტებთან ერთად აღნიშნულ საკითხებზე და მელიქიშვილის გამზირის დეტალური გეგმარების დროს გამოიკვეთა, რომ ოპტიმალური ვარიანტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაორმხრივება“. – აცხადებენ თბილისის მერიაში.