დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებების მეორე მოსმენა მეტ რისკებს შეიცავს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პირობა შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული დღეს, გარანტია და ნდობა არ გამაჩნია „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. მინდა გითხრათ, რომ მეორე მოსმენის დროს მეტი რისკები გვექნება”, – ამბობს ლევან კობერიძე.
რამდენიმე წუთის წინ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა სისტემის ცვლილებას მხარი დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.
ცნობისთვის, ევროპული საქართველო აცხადებს, რომ მეორე მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუ მანამდე გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მათ დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა რურუას გათავისუფლების შემთხვევაში, როგორც ამბობენ, მიიღებენ.