მერე შეიძლება დემნა გვასალიამაც ასეთი გამოუშვას – იმნაძე ქართული წარმოების პირბადეზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ქართული წარმოების პირბადით გამოვიდა.

საზოგადოების ნაწილის კრიტიკის შემდეგ მან თქვა, რომ პირბადეები უსაფრთხოა და თავად დიზაინითაც კმაყოფილია. მისი თქმით, შეიძლება, დიზაინერმა, დემნა გვასალიამ ასეთი პირბადე გამოუშვას, რადგან ,,ასეთი რაღაცები მოწონს”.

,,მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები მოსწონს ხოლმე. გახსოვთ, რა ჰქონდა გამოშვებული.

მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. დღევანდელი თაობა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომლებიც ბაზარზე არსებობს. მსოფლიოში დღეს პირბადეების დეფიციტია. ეს არის ანა-ბანა, სანამ იქნებოდა ის პირბადეები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩემი სამსახური, რომელიც შავ ჭირზე მუშაობდა […], ასეთი პირბადეებს იყენებდა. ეს პირბადე წვეთოვანი ინფექციებისგან იცავს ადამიანს ძალიან ეფექტურად”,- ამბობს იმნაძე.

იმნაძე განმარტავს, რომ ეს პირბადეები “წინ გადადგმული ნაბიჯია”, ვიდრე ჩვეულებრივი, რადგან ცხვირის მხარე მონიშნულია და მომხმარებელს გაკეთებისას არ შეეშლება.

მისი თქმით, ექიმებსაც ამ პირბადეების გამოყენებას ურჩევენ გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც აეროზოლიზაციის რისკია მაღალი. ასეთ დროს მათ რესპირატორები უნდა ეკეთოთ.

საქართველოში წარმოებული 400 პირბადე სააფთიაქო ქსელებში გასაყიდად 8 აპრილს შეიტანეს. თითოს ფასი 50 თეთრია.