თბილისის საკრებულოს წევრი ენმ-დან, სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ კახა კალაძის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მერიის ახალი შენობა აშენდება, რასაც თბილისის მერია უარყოფს. ჯაფარიძე კალაძეს სთხოვს, შენობის აშენებისთვის გამოყოფილი თანხა პრობლემების მოგვარებას მოახმაროს.
“მაშინ, როდესაც ქალაქში არის უმძიმესი როგორც ეკონომიკური, ინსფრასტრუქტურული და სოციალური მდგომარეობა, კახა კალაძემ გადაწყვიტა, ააშენოს მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობა და დიახ, მაშინ, როდესაც ქალაქსა და ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა – შიმშილი. სრულად ვემიჯნებით მათ ამ გადაწყვეტილებას და ვთხოვთ, რომ ეს თანხა, რომელიც გამოყოფილია ამ კონკრეტული შემთხვევისთვის მოხმარდეს თბილისელების პრობლემებს”,– ამბობს სოფო ჯაფარიძე ბრიფინგზე.
თბილისის მერია აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ახალ შენობაში არა მერიის ადმინისტრაცია, არამედ სხვადასხვა სამსახური გადავა.
“გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. აქვე განვმარტავთ, თბილისის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის განსათავსებელი შენობის, საგენერატოროების და ერთი ოფისის პროექტირება.
აღნიშნული შენობა უნდა აშენდეს თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე. ნაგებობაში მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, მუნიციპალური ინსპექცია, თბილისის განვითარების ფონდი და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური უნდა განთავსდეს. ზემოთჩამოთვლილი მუნიციპალური უწყებები დღესდღეობით განთავსებულია სხვადასხვა მისამართზე”,– წერია მერიის განცხადებაში.