თბილისის მერია მუნიციპალიტეტის კუთვნილ ფართებზე განლაგებულ ღია კაფეებს და რესტორნებს დროებით უფლებას აძლევს მუნიციპალიტეტის კუთვნილი ფართები დამატებით გამოიყენონ და იქ თავისი მაგიდები განალაგონ. 1 ივნისიდან ქვეყანაში ღია კაფეები და რესტორნები გაიხსნა, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. მათ მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვის ვალდებულებაა აქვთ, რის გამოც ბევრი კაფეს ფუნქციონირება ეჭვქვეშ დადგა. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება კაფეების და რესტორნების მფლობელებს დროებით დაეხმარონ და მუნიციპალური ფართების გამოყენების უფლება მისცენ:
. „პირველი ივნისიდან გაიხსნა ღია კაფეები, თუმცა არის სპეციალური წესები. მაგიდებს შორის აუცილებლად უნდა იქნას დაცული დისტანცია და არსებობს შესზღუდვები, რის გამოც ისინი მაგიდებს ისე ვერ განათავსებენ, როგორც აქამდე იყო.
იმისთვის, რომ დაცული იყოს ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოება, ვინც ისარგებლებს რესტორნებით, კაფე ბარებით, ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულნი არიან მუნიციპალურ სივრცეებზე შეზღუდვების მოხსნამდე, დროებით, ექნებათ შესაძლებლობა, გამოიყენონ მიმდებარედ არსებული მუნიციპალური ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა.
ანუ გეძლევათ დროებით იმის შესაძლებლობა, რომ მუნიციპალური ფართები გამოიყენოთ, გამოხვიდეთ და ისე განათავსოთ თქვენი მაგიდები, რომ არ მოექცეთ მხოლოდ თქვენივე საკუთრებაში.იშეგიძლიათ გაშალოთ ისე, რომ დაიცვათ ეს სოციალური დისტანცია და ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლში გაწერილი მითითებები.ეს არის დროებითი ღონისძიებები, რომ თქვენ დაგეხმაროთ და ხელი შეგიწყოთ.“– თქვა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.