“ინფო რუსთავი” კორონავირუსით ინფიცირებული ქალის წერილს აქვეყნებს, რომლის შვილი რუსთავის საკრებულოს წევრია და რომელსაც კორონავირუსი 2 აპრილს დაუდგინდა. ინფიცირებული სააგენტოს დაუკავშირდა და წერილის გამოქვეყნება სთხოვა.
გთავაზობთ წერილს უცვლელად:
“ძვირფასო რუსთაველებო!
მესამე დღეა სიტყვებს ვეძებ რომ ბოდიში მოგიხადოთ საზოგადოებას და თითოეულ რუსთაველს შექმნილი მდგომრეობის გამო. მერწმუნეთ წარმოუდგენელია ის სინანული, სასოწარკვეთა, რასაც ამ წუთას განვიცდი. მოგმართავთ ყველას და შენდობას მოვითხოვ თითოეული ჩემი თანამოქალაქისგან. პირველ რიგში გთხოვთ, ჩემი სათქმელი მიიღოთ როგორც დედისგან, მეუღლისგან, ბებიისგან, რომლის გაუმართლებლი წინდაუხედავობით საფრთხეში ჩავაყენე საკუთარი ოჯახის წევრები: მეუღლე, შვილი და შვილიშვილი. ისინი დღეს ამ დაავადებას ებრძვიან ჩემთან ერთად. განსაკუთრებით ძნელია იმ აგრესიის და სიძულვილის მოსმენა, რომელიც არა ჩემი, არამედ ჩემი შვილისადმი აქვს საზოგადოებას მიმართული. სწორედ ჩემი გაუმართლებელი წინდაუხედავობის გამო დღეს მისი სახელი ლაფში ისვრება და ეს კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის ჩვენი ოჯახის ყოფას ამ მძიმე წუთებში. იგი ნამდვილად ღირსეული პიროვნებაა და ამაში ყველა დამეთანხმება, ვინც მას იცნობს. ჩემთან სახლში მოდიოდა, რომ ონკოლოგიურად ავადმყოფ მამას წამლების მიღებაში დახმარებოდა, რადგან ამას მე ფიზიკურად ვერ ვახერხებდი. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა არსებული საფრთხის შესახებ, თორემ საკუთარ მრავალშვილიან ოჯახს განგებ არ ჩააყენებდა ამ განსაცდელში. დღეს მისი შვილიც ამ დაავადებას ებრძვის.
მტრული აგრესიის ნაცვლად, გთხოვთ, მხარდაჭერა და გამხნევება გამოხატოთ მის მიმართ. ეს დღეს მას ძალიან სჭირდება.
მიიღეთ ჩამი წერილი ღია აღსარებად და უმორჩილესად გთხოვთ, მომიტევოთ.
მაგალითად მიიღეთ ჩემი შემთხვევა, გაუფრთხილდით ახლობლებს, დარჩით სახლში და უფალი გფარავდეთ ყველას.”– წერს ქალი.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამჟამად თვითიზოლაციაშია დაინფიცირებული საკრებულოს წევრთან შემხებლობაში მყოფი 45 ადამიანი, მათ შორის, საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, 12 სხვა მოქალაქე, ასევე ორი მოხალისე, რომლებთან ერთადაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი სოციალურად დაუცველებისთვის მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდა. ამასთან, ტაბაღუამ დასძინა, რომ პირადად მან ინფიცირებული ერთ კვირის წინ ნახა. მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა, მათ შორის თვითმმართველობის შენობაში დამონტაჟებული კამერების საშუალებით.
რუსთავის საკრებულოს წევრები თვითიზოლაციაში, მას შემდეგ აღმოჩნენ, რაც საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ეროვნული ბანკის თანამშრომელია.