“მესამე მხარედ ჩართვა, ვალდებულებები” – საგარეოს პასუხი თუ რატომ არ შეუერთდა უკრაინის სარჩელს

საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ არ შეურთდა საქართველო 40-ზე მეტი ქვეყნის უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას.

“საქართველო ჩვეულებისამებრ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით. გამოძიება დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს.

ეს განცხადება ეხება ჰააგაში მდებარე მეორე სასამართლოს – მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო უკვე მიუერთდა 2022 წლის მაისში. ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას („აღნიშნული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში“).

გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა.

საქართველო, კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულობით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას”.- ნათქვამია განცხადებაში.