მესმის, კრიტიკა არის, მაგრამ ჩვენ ეპიდემია ვმართეთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კრიტიკოსების საპასუხოდ ამბობს, რომ მათ “ეპიდემია მართეს”.

მისივე განცხადებით, 2020 წელს ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების მიზეზი ის იყო, რომ არ არსებობდა ვაქცინები, კორონავირუსის შესახებ ცოდნა კი ნაკლები იყო.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ შეზღუდვების გარეშე “ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებდა”.

“ჩვენ რომ მაშინ არ მიგვეღო მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები და გვქონოდა 3, 4,5 ათასი 2020 წლის გაზაფხულზე ყოველდღიური შემთხვევა, დამერწმუნეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებდა.

შემდგომ ჯანდაცვის სისტემაში ბევრი რამ დაიხვეწა, ბევრი რამ იქნა განახლებული, შეძენილი, დიდი კლინიკები გახსნილი, თვითონ ჩემმა კოლეგებმა, ბევრი ვისწავლეთ ჩვენ ყველამ ამ ინფექციის შესახებ და ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პიკზე გვქონდა მაღალი, ჩვენ ეპიდემია ვმართეთ. მესმის კრიტიკა არის, რომლისგანაც ზოგიერთი შეიძლება გაითვალისწინო, უმრავლესობაზე პასუხი არის, თუ ეს როდესმე დაგაინტერესებთ, ამის ანალიზს სიამოვნებით გაგიტარებთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.