მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველივე ადამიანი, რომელსაც სიცხე დაუფიქსირდა, ცხელების ცენტრში რომ მისულიყო ,- ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.
„დღეს სოციალურ ქსელებში ვკითხულობდი გარკვეულ განცხადებებს, მე ვინც მომაკითხავს, არც არავინ გაბედოსო. მათ შორის ჩემი ნაცნობებიც იყვნენ. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად მალე დამთავრდება შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში. რამდენად ჩქარა დასრულდება გავრცელება. მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველი ადამიანი, რომელსაც დაუფიქსირდა სიცხე, გასასინჯად ცხელების ცენტრში რომ მისულიყო.ზუსტად არ ვიცით, დღეს რამდენი შემთხვევა გვაქვს, მიმდინარეობს კვლევა, მაგრამ 10-ზე მეტი რომ არის, ფაქტია და სავარაუდოდ, შეიძლება ბევრად მეტიც იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია გავიკეთოთ ტესტირება, ამაში სახიფათო არაფერი არ არის “, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.