“მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო გვეგონა მოსახლეობა დაგვიჯერებდა”-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
“ამას ყველაფერს მე ზაფხულშიც ვამბობდი,რომ ეს მოხდებოდა. შეახსენეთ მოსახლეობას, რომ მე ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვიყავი გაზაფხულზეც, ზაფხულშიც და ახლაც. ალბათ საჭირო იყო მეტი შეზღუდვები, მაგრამ ამ შეზღუდვებშიც შეზღუდული იყო ქვეყანა.
შეიძლება ზედმეტად გვეგონა, რომ ჩვენი მოსახლეობა გაითავისებდა ამ პრობლემას და დაგვიჯერებდა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ არა. დიახ, მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო, გეთანხმებით,”-განაცხადა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ დიდი შეკრება ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს ეკლესია, აქცია თუ რესტორანი, შესაძლოა, ინფექციის უფრო მასშტაბური გავრცელების წყარო გახდეს.
“ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ეკლესიაში იკრიბება თუ აქციაზე. ვინც იკრიბება, სადაც არ უნდა შეიკრიბოს, რომელიც არ იცავს ელემენტარულ წესებს – ანუ ნიღაბს და დისტანციას, ყველას მიუძღვის ბრალი. რესტორანში რომ ქეიფები და 300-400 კაციანი ქორწილები იყო, მერე ქუჩაში რომ იყვნენ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. სადაც ბევრი ხალხი იკრიბება და, მით უმეტეს, სადაც მერე წესს არ იცავს არავინ, ეს არის პრობლემა,”-განაცხადა პაატა იმნაძემ.