მეტი ქორწილი იქნება, მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა სჯობს, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გურიაში კორონავირუსის შემთხვევები ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება.

მისი თქმით, “ქორწილის კლასტერის” უკვე მე–4 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ოზურგეთის რაიონში და ჩოხატაურში, სოფელ ქვემო ბანში გაფართოებული ეპიდკვლევა დაიწყო.

გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ქორწილებისგან დროებით თავი შეიკავონ.

“ეს შემთხვევები დაკავშირებულია დიდ, ფართომასშტაბიან ქორწილთან. ეს მოწოდება ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ, ვცხოვრობთ მთელ მსოფლიოში პანდემიის და საქართველოში ეპიდემიის პირობებში. აკრძალულია კანონით 100 ადამიანზე მეტის შეკრება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თავი უნდა შევიკავოთ, ეს არის განსაკუთრებულად მომეტებული რისკი, როცა ბევრი ადამიანი ყოველგვარი დაცვის გარეშე იკრიბება. რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში, რაც მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა სჯობს, მაგრამ დროებით, მეგობრებო, სანამ ამ პირობებში ვცხოვრობთ, თავი შევიკავოთ ამგვარი შეკრებებისგან, რადგან ეს გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ინფექციის შემდგომი გავრცელებისა”,– თქვა ამირან გამყრელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ გუშინ ამ საკითხზე შესაბამის წრეებში ისაუბრეს და შესაბამისი რეაქცია იქნება.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.