მეტროსადგურ “გოცირიძის” გახსნა გადაიდო. სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ დამატებითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო. ამ ეტაპზე უცნობია, როდემდე გადაიდება მეტროსადგურის მგზავრთათვის გახსნა.
„სამუშაოები მიმდინარეობს. გამოიკვეთა საჭიროება, რომ აუცილებელი გახდა დამატებით დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულება, რასაც ვერ უზრუნველყოფს მომსახურე კომპანია. საჭირო გახდა ცალკე კომპანიის შერჩევა, ვინც ამ სამუშაოებს შეასრულებს. ცხადია ახლა არსებული კონტრაქტორი კომპანიაც რჩება და შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
ჩვენ ვემზადებით ტენდერის გამოცხადებისთვის, წარმატებით ჩატარების შემდეგ მოხდება ხელშეკრულების გაფორმება და ზუსტი ვადების განსაზღვრა. თარიღი გადაიწევს, რადგან ამ სამუშაოების ჩატარების გარეშე სადგური მგზავრებისთვის ვერ გაიხსნება”, – განუცხადეს “ფორმულას” სატრანსპორტო კომპანიაში.
“გოცირიძე” მაისის დასაწყისში უნდა გახსნილიყო.