დედაქალაქის მერია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნითა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს განახორციელებს.
მერიის ცნობით, გადატვირთული მეტროსადგურების შესასვლელებში, პიკის საათებში, მგზავრთა ნაკადის კონტროლი მოხდება რიგების მართვის მეშვეობით.
“ამ ეტაპზე, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება იგეგმება “ვარკეთილის”, “ახმეტელის თეატრის”, “დიდუბისა” და “სადგურის მოედნის” მეტროსადგურებზე.
“მეტროპოლიტენის თანამშრომლები მუდმივად დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადს. როდესაც ნაკადი კრიტიკული იქნება და ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს შექმნის, მეტროსადგურების ჩასასვლელებში, რიგის მართვის მეშვეობით ადამიანების დაშვების შეფერხება მოხდება.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და ზედმიწევნით დავიცვათ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციები”, – აღნიშნულია განცხადებაში.