მეუფე იაკობი: რუსეთს რაღაც არ მოსწონს უკრაინაში და იქ მიდის, თორემ ჩვენთან არ მოვიდოდა?!

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებას რუსულ საქმედ მიიჩნევს და ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით არ ეომება საქართველოს რუსეთი.

“რუსეთი უკრაინასთან რატომ მიდის? რაღაც არ მოსწონს უკრაინაში და იქ მიდის, თორემ ჩვენთან არ მოვიდოდა?! ჩვენთან რატომ მოვიდა. რად უნდა ტანკი მოიყვანოს, ან ავიაცია, ან წყალქვეშა ნავები. ეს ერთმანეთში დაპირისპირებულობა, მიუხედავად იმისა, რომელ მხარეს ხარ, რუსის ტანკი ხარ, რუსის ძალა ხარ ქართულ ქვეყანაში. იმის მაგივრად რომ გავერთიანდეთ, რას გვთავაზობთ ერს? ჩვენ სხვა რამე გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ წესიერ საქართველოში ვიცხოვროთ, რომ მოვძლიერდეთ და არა ის, რომ ვიღაცები სკამებზე ისხდნენ.

რაც ქართველ ერს უნდა, ის უნდა გააკეთონ. რომელი ძალა ჩანს, ვისაც უნდა მოსვლა [ხელისუფლებაში], რომ ქართული ძალაა? რუსეთი ათამაშებს ყველა მხარეს და რომლებსაც მოსვლა უნდათ, ისინიც მასეთი სათამაშოები არიან”,– თქვა მან საკვირაო ქადაგებისას.