მეუფე იოანემ მისცა ბიძგი ჩემზე ძალადობას, უყურებდა და რეაქცია არ ჰქონია – წვერავა

“ფორმულას” ჟურნალისტი რატი წვერავა პასუხობს მეუფე იოანე გამრეკელის ბრალდებას, თითქოს პერანგი მან თავად შემოიხია და ჩხუბი დაიწყო.

წვერავას თქმით, მეუფე იოანემ მისცა ბიძგი მასზე ძალადობას, შემდეგ კი მოძალადეები არ შეუჩერებია.

“მე მასთან მივედი კითხვის დასასმელად და როდესაც დაინახა, რომ ათეულობით ადამიანმა ჩემზე ძალადობა დაიწყო, არაფერი გაუკეთებია და არ შეუჩერებია ეს ადამიანები. დარწმუნებული ვარ, ამ ვერსიას განავითარებდნენ იქ მყოფი ადამიანები, რომ თითქოს მე ვიცემე ჩემი თავი, რომ არა ვიდეოკადრები. იმ ადგილიდან სადაც ის იყო, თაბუკაშვილის ქუჩამდე ჩემზე ფიზიკური ძალადობა არ გაჩერებულა, ათობით ადამიანი ჩემზე ფიზიკურად ძალადობდა და ერთადერთი მიზანი ჰქონდათ, რომ მოვეკალი. ამ ყველაფერს ბუნებრივია უყურებდა მეუფე იოანე გამრეკელი, მაგრამ მას არანაირი რეაქცია არ ჰქონია, მან მისცა ბიძგი ჩემზე ფიზიკურ ძალადობას”,– ამბობს წვერავა “ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, ჟურნალისტს 5 ივლისს პარლამენტის წინ შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.