ბიბისის რუსული რედაქცია ვრცელ სტატიას უძღვნის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას უკრაინის ვიცე პრემიერის პოსტზე რეფორმების საკითხებში.
სტატიაში დეტალურად არის განხილული როგორც ამჟამინდელი პროცესის, ისე წარსულის პერიპეტიები:
“უკრაინის რადამ პარასკევს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერად დანიშვნის საკითხის განხილვა არ დაიწყო. თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობაში შესვლა თავად პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შესთავაზა.
პრეზიდენტის პარტიის – ხალხის მსახურის ლიდერმა, ალექსანდრ კორნიენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის დანიშვნისთვის “ფრაქციებთან ურთიერთობის გზის გავლაა საჭირო“.
ბიბისი პრეზიდენტის პარტიის წყაროზე დაყრდნობით წერს რომ პარტიას, რომელსაც უკრაინის პარლამენტში უმრავლესობა აქვს, ამ საკითხზე შედეგიანი კენჭისყრისთვის ხმები არ ყოფნის.
ბიბისი საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზეც წერს, კერძოდ საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებაზე, რომელმაც სააკაშვილის დანიშვნას არამეგობრული ნაბიჯი უწოდა და საქართველოს ექსპრეზიდენტის დანიშვნის შემთხვევაში კიევიდან კონსულტაციისთვის ელჩის გამწვევის შესახებ განაცხადა. ბიბისი იმაზეც წერს, რომ სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში დანიშვნამ შეიძლება უკრაინულ–რუსული ურთიერთობები გააფუჭოს, რომელთა “გალღობასაც“ ზელენსკის გუნდი თავის მიღწევად თვლის.
უკრაინის ვიცე პრემიერის პოსტზე სააკაშვილის დანიშვნის შესახებ უკრაინულმა მედიამ ოთხშაბათს დილით ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. პრეზიდენტის პრეს სამსახურმა ჭორებზე კომენტარი არ გააკეთა, რამდენიმე საათში კი სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქზე დაწერა ამის შესახებ:
“ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტ ზელენსკისგან ვიცე–პრემიერობის წინადადების მიღება. მქონდა ძალიან შინაარსობრივი და სასარგებლო საუბარი პრემიერ მინისტრ შმიგალთან, რომლის დროსაც დეტალურად განვიხილეთ მთავრობაში ჩემს მუშაობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი“– დაწერა სააკაშვილმა.
მისი სტატუსიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ მან ეს წინადადება მიიღო. მოგვიანებით პრეზიდენტის პრესსამსახურმა ბიბისის სააკაშვილისა და ზელენსკის შეხვედრის ფაქტი დაუდასტურა. მათი შეხვედრის თემა კი იყო “სააკაშვილის ხედვა უკრაინის განვითარებაში შესაძლო დახმარების შესახებ“. გარდა ამისა, პრეს სამსახურის განცხადებით ზელენსკიმ შესთავაზა სააკაშვილს საკუთარი ხედვა მთავრობისა და პარლამენტისთვის გაეზიარებინა.
უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით პრეზიდენტს მთავრობის ფორმირებისას საკმაოდ შეზღუდული ძალაუფლება აქვს. მას მხოლოდ შეუძლია პარლამენტს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების კანდიდატურები წარუდგინოს დასამტკიცებლად.
მთავრობის დანარჩენი წევრების დამტკიცება რადაში პრემიერ–მინისტრის წარდგინებით ხდება. თუმცა ფაქტიურად პრემიერის პოლიტიკური წონა ბევრად დაბალია პრეზიდენტის გავლენასთან შედარებით.
დენის შმიგალის მთავრობა 4 მარტს დაინიშნა. უკვე მარტის ბოლოსთვის მისი ორი წევრი – ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრები გადააყენეს.
თავად შმიგალი ჯერჯეობით კომენტარს არ აკეთებს სააკაშვლთან შეხვედრისა და მისი შესაძლო წარდგენის შესახებ.
ბიბისი წერს, რომ უკრაინის პარლამენტში მისი წყაროს თქმით, არ გამორიცხავდნენ სააკაშვილის პარასკევს დამტკიცებას. სწორედ ამ დღისთვის იყო დანიშნული რადას რიგგარეშე სხდომა. თუმცა უკრაინის ვიცეპრემიერად საქართველოს ექსპრეზიდენტის დანიშვნისთვის საჭირო ხმების შესაძლო უკმარისობის გამო ეს საკითხი სხდომაზე აღარ გაიტანეს.
თეორიულად ზელენსკის ფრაქცია ერთპიროვნულ უმრავლესობას ფლობს რადაში, თუმცა რეალობაში ბოლო დროს პრეზიდენტის ფრაქცია ძლივს აგროვებს ხმებს პრინციპულად მნიშვნელოვანი კენჭისყრებისთვის და ხშირად იძულებულია ოპოზიციურ ფრაქციებთან თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები გამართოს.
ბიბისის რამდენიმე წყარომ რადაში უთხრა, რომ სააკაშვილის დანიშვნის ინიციატივა პირადად ზელენსკის ეკუთვნის, თუმცა მათი თქმით პრეზიდენტმა ვერაფრით ვერ აუხსნა თანამებრძოლებს ასეთი გადაწყვეტილების არგუმენტები. შედეგად, სააკაშვილის მთავრობაში შესაძლო დანიშვნა თავიდანვე პრეზიდენტის არაერთი თანაგუნდელისთვის სადაო საკადრო გადაწყვეტილებად ითვლება.
მათ გაიხსენეს სააკაშვილის კონფლიქტურობა და მისი მიდრეკილება თვითპიარისკენ, რომლითაც ის პრეზიდენტ პოროშენკოს პერიოდში უკრაინულ ხელისუფლებაში ყოფნისას გამოირჩეოდა. ბიბისი წერს, რომ ბევრს აშფოთებს მისი კონფლიქტი მაშინდელ და ამჟამინდელ შს მინისტრთან, არსენ ავაკოვთან, რომელსაც სააკაშვილი პრეზიდენტთან არსებულ რეფორმების საბჭოზე დაუპირისპირდა, რაც ურთიერთობების საჯარო გარკვევაში და ჭიქებიდან წყლის შესხმაში გადაიზარდა. ამჟამად არსენ ავაკოვი უკრაინული ხელისუფლების ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება.
რადაში სააკაშვილისა და ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ნევროზულ ურთიერთობებსაც იხსენებენ.
ბიბისი წერს, რომ ბევრს აწუხებს პოტენციური ვიცე პრემიერის უფლებამოსილებების გაურკვეველი ფარგლები, რადგან თვლიან, რომ საქმიანობისას ის აუცილებლად გადაიკვეთება და კონფლიქტში შევა მთავრობის სხვა წევრებთან.
“ზელენსკის მიმართ ლოიალური ადამიანების დიდ ნაწილსაც კი ეშინია სააკაშვილის: მაღალია კონფლიქტურობის და ამ პოლიტიკოსის უმართაობის რისკი. მეორეს მხრივ, ზელენსკი უკვე რამდენიმე თვეა ეძებს ძლიერ ფიგურას, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისული გადაწყვეტილებების ლოკომოტივი გახდება და შეძლებს ახალდანიშნული პრემიერის, შმიგალის სისუსტის და გამოუცდელობის დაკომპენსირებას“ – უთხრა ბიბისის უკრაინელმა პოლიტოლოგმა, ვლადიმირ ფესენკომ.
“ზელენსკი და სააკაშვილი ფსიქოემოციონალური ფორმატით და ბიომეტრიკით ახლოს დგანან ერთმანეთთან. ორივე ქოლერიკია, მკვეთრი მოქმედებების მომხრე“ – ამბობს ის.
უკრაინის პარლამენტში ბიბისის წყაროები ამტკიცებენ, რომ ზელენსკის გარემოცვაში სააკაშვილის მთავარი ლობისტი შესაძლოა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი იყოს, რომელიც ინტერენეტში გავრცელებული ფოტოების მიხედვით საქართველოს ექსპრეზიდენტს ჯერ კიდევ კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სწავლის პერიოდიდან იცნობს.
პარასკევს პარლამეტის სხდომის წინ მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრა ჩაატარა საპრეზიდენტო ფრაქციასთან “ხალხის მსახური“.არსებითად ამ შეხვედრაზე დეპუტატებთან მის ურთიერთობებზე იყო დამოკიდებული, გაიტანდნენ თუ არა მისი დანიშვნის საკითხს სასესიო დარბაზში განსახილველად. ამ შეხვედრის ტრანსლაციის მიხედვით, რომელსაც მისი მონაწილეები ფეისბუქზე აწარმოებდნენ, სააკაშვილმა დეპუტატების ცალსახად დარწმუნება ვერ შეძლო.
თავიდან მან განაცხადა, რომ ზელენსკიმ მასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი პასუხისმგებლობის სფერო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები იქნებოდა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის შესახებ. სააკაშვილმა შეახსენა დეპუტატებს, რომ პირადად იცნობს ბევრ ამერიკელ პოლიტიკოსს და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს.
“პირდაპირ მივალ მათთან და ვეტყვი: ან გვაძლევთ, ან უკრაინის საქმე ცუდად არის… მათ იციან, რომ ლაპარაკი შემიძლია “– ემოციურად არწმუნებდა დეპუტატებს სააკაშვილი – წერს ბიბისი.
სააკაშვილისთვის კიდევ ერთი ამოცანა ვიცე პრემიერის პოსტზე მთავრობის ეკონომიკური ბლოკის კოორდინაცია, ბიზნესის დერეგულაცია და მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერა უნდა გახდეს. მან პირობა დადო, რომ დანიშვნიდან ერთი კვირის თავზე რადას პროფილურ კომიტეტში შვიდი კანონისგან შემდგარ პაკეტს წარადგენს, რომელთა რეალიზაცია უკრაინას ერთ თვეში Doing Business–ის რეიტინგში ორი ათეული პოზიციით დაწინაურების საშუალებას მისცემს.
გარდა ამისა, სააკაშვილი დეპუტატებს ტურიზმის განვითარებაზეც ესაუბრა და შსს–ს “გაჭედილ“ რეფორმაზეც, რომელსაც უკრაინაში სააკაშვილის თქმით “მისი გოგოები“ აკეთებდნენ. როგორც ჩანს, ის პოლიციის ყოფილ მეთაურს, ხატია დეკანოიძეს და შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს ეკა ზღულაძეს გულისხმობდა, რომლებიც პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს უწყების რეფორმირებას კურირებდნენ.
ამასთან, სააკაშვილი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მისი პოტენციალის რეალიზება მხოლოდ მთავრობაში მისი ყოფნით არის შესაძლებელი, როცა პასუხისმგებლობის აღება შეუძლია გადაწყვეტილებებზე და არა პრემიერის მრჩევლის სტატუსით.
სააკაშვილის დეპუტატებთან შეხვედრა შეჯამებით ან სარეიტინგო კენჭისყრით არ დასრულებულა, თუმცა ამ შეხვედრის ბოლოს მას ურჩიეს იშვიათად გაიხსენოს მისი ქართული გამოცდილება და არ გაექცეს დასმულ შეკითხვებზე პირდაპირ პასუხებს.
შეხვედრის მონაწილეები პოლიტოლოგების პროგნოზებსაც ციტირებდნენ, რომელთა თანახმად სააკაშვილმა შესაძლოა უკრაინულ ხელისუფლებაში მოსვლა ტრამპლინად გამოიყენოს თავისი პოლიტიკური კარიერის ახალი სტარტისთვის ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც უკრაინაში ოქტომბერში იმართება.
““ჩვენს პრეზიდენტს და ჩვენს გუნდს არ უღალატებთ?“– კითხა სააკაშვილს შეხვედრის ბოლოს ერთ–ერთმა დეპუტატმა. რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის არ აპირებს გუნდის და მითუმეტეს პრეზიდენტის ღალატს.
თავად სააკაშვილმა შეხვედრას კონსტრუქციული და შინაარსიანი უწოდა. თუმცა რადას ორმა დეპუტატმა ზელენსკის ფრაქციიდან ბიბისი–ს უთხრა, რომ სააკაშვილის გამოსვლამ ისინი ვერ დაარწმუნა და შანსები სააკაშვილის წარმატებული კენჭისყრისთვის პარლამენში თავად სააკაშვილის მიერ სხვა პარტიებთან დამატებითი მოლაპარაკებების გამართვის გარეშე არ არსებობს. ამიტომაც მისი დამტკიცების საკითხი რადას პარასკევის სხდომის დღის წესრიგში ვერ მოხვდა.
“იყო იმედი, რომ დღეს შედგებოდა ჩემი კანდიდატურის კენჭისყრა… თუმცა მჯერა პრეზიდენტ ზელენსკის და მისი ფრაქციის დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერის და სხვა ფრაქციებისაც, ეს კი ნიშნავს რომ მოვემზადებით ხუთშაბათს კენჭისყრისთვის“– დაწერა მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა.
რადას შემდგომ რიგგარეშე სხდომამდე სააკაშვილი შეეცდება სხვა საპარლამენტო ძალებს შეხვდეს და კენჭისყრაზე მათი მხარდაჭერა მოიპოვოს.
ამასთან, სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია თავად ვლადიმირ ზელენსკის . მისი სიტყვაც სავარაუდოდ გავლენას მოახდენს რადას დეპუტატთა ნაწილის პოზიციაზე – წერს ბიბისი.
ბიბისი იმასაც უსვამს ხაზს, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე “დასავლური პრესის უკიდურესად პოზიტიურ რეაქციაზე“ წერს და გერმანული სტატიის ლინკიც განათავსა სათაურით „მეფე მზის დაბრუნება„. სწორედ ამ სათაურმა შთააგონა როგორც ჩანს ბიბისის საკუთარი სტატიის სათაური “მეფე მზის დაბრუნება არ შედგა.“
ვრცელ სტატიაში განხილულია სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში და უკრაინაში. ასევე ხაზგასმულია, რომ ის რუსეთისთვის განსაკუთრებით მიუღებელი პერსონაა.
ბიბისი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 2016 წელს რუსეთს–უკრაინის მოლაპარაკებისას დონბასის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით კიევში პოროშენკოსთან ჩასულმა რუსეთის პარლამენტის ექს სპიკერმა, ბორის გრიზლოვმა ერთ–ერთ პირობად უკრაინის პრეზიდენტს ოდესის გუბერნატორის პოსტიდან სააკაშვილის სასწრაფოდ გადაყენება წაუყენა.