მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა.

თუმცა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის მიხედვით მსოფლიოში სიკვდილიანობის საერთო სტატისტიკა ორჯერ აღემატება ოფიციალურს, ანუ გარდაცვლილდა რაოდენობა თითქმის ყველგან არასწორად ითვლება.  სამეცნიერო შრომაში ამტკიცებენ, რომ ადამიანთა საერთო რაოდენობა, ვინც კოვიდ19–ით გარდაიცვალა მინიმუმ 6.9 მილიონია.

მაგალითად, აშშ–ში ოფიციალური ინფორმაციით გარდაცვლილია 570 ათასზე მეტი ადამიანი გასული წლის მარტიდან, სინამდვილეში კი გარდაცვლილთა რაოდენობა დაახლოებით 900 ათასია, ამტკიცებენ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. ინდოეთის რეალური სტატისტიკა კი თითქმის სამჯერ აღემატება ოფიციალურს. რუსეთში კი გარდაიცვალა არა 109 ათასი ადამიანი, როგორც ოფიციალურ სტატისტიკაში წერია, არამედ 593 ათასი ადამიანები. ასე თვლიან ამერიკელი მეცნიერები.

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის მარტამდე რუსეთში რეალურად კრონავირუსის დიაგნოზით 248.5 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ოფიციალური მონაცემები აჩვენებს. თუმცა, დამოუკიდებელი მკვლევარების მონაცემებით, გადაჭარბებული სიკვდილიანობა, ანუ გასული წლების ჩვეულებრივ სეზონურ სიკვდილიანობასთან შედარებით ამ წლის სტატისტიკის ნამეტმა რუსეთში ამ პერიოდში დაახლოებით 500 ათასი ადამიანი შეადგინა.

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ინდოეთში არასრული აღრიცხვა კონტროლის სუსტი სისტემის გამო ხდება, განსაკუთრებით სოფლის ტიპის დასახლებებში. სხვა ქვეყნებში შემცირებული მონაცემები შეგნებულად ქვეყნდება – თვლიან კვლევის ავტორები.

“ბევრმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რათა დაედგინა რამდენი იყო ზუსტად პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობა, მაგრამ ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რამდენად ძნელია კორექტული მონაცემების მიღება ახალი და სწრაფად გავრცელებადი ინფექციური დაავადების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ ეს ანგარიში აიძულებს მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს ამოავსონ არსებული სიცარიელეები კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ მონაცემებში, რაც საშუალებას მისცემს მათ სწორად გაანაწილონ რესურსები პანდემიასთან ბრძოლაში“– ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მაჩვენებლების შეფასების ინსტიტუტის დირექტორი, კრის მარეი.

მეცნიერებმა საკუთარი მაჩვენებლები პანდემიამდელ პერიოდში სხვადასხვა მიზეზებით გარდაცვალების მოსალოდნელ საშუალო მაჩვენებელთან კრიზისის დროს ფაქტიურად დაფიქსირებული გარდაცვალების რაოდენობის შედარებით მიიღეს.

მიღებული მაჩვენებლიდან გამორიცხეს გარდაცვალებები, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება პანდემიას, ანუ თანმდევი დაავადებების შედეგად გარდაცვლილები, ან ისეთი გარდაცლილები, ვისაც სამედიცინო დახმარებისთვის არ მიუმართავს. ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვალებები, რომლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა კარანტინების გამო.