მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ უნდოდათ შეემოწმებინათ, რა ძალა იქნებოდა საჭირო იმისთვის, რომ უმცირესი ნაწილაკი საპნის ბუშტის მსგავსად გამსკდარიყო. თუმცა ნაწილაკი არ გასკდა.

ნაწილაკის ზომა 80 ნანომეტრის დიამეტრის იყო, ნემსის წვერი კი კიდევ უფრო მცირე. მეცნიერებმა ნემსის წვერი არაერთხელ მიიტანეს ნაწილაკის ზედა მხარის გარსთან და ბოლომდე შეარჭეს მას. ნაწილაკი იდრიკებოდა, თუმცა მისი გახვრეტა ვერ მოხერხდა. მეცნიერებმა ქმედება 100–ჯერ გაიმეორეს, თუმცა უშედეგოდ.

გარდა ამისა, მათ ნაწილაკი 90 გრადუს ცელსიუსამდე 10 წუთით გაახურეს. თუმცა მისი გარეგნული მხარე და სტრუქტურა თითქმის არ შეცვლილა , მხოლოდ რამდენიმე “წვეტი“ მოსძვრა.

საიტ biorxiv.org–ზე გამოქვეყნებულ ნაშრომში მეცნიერები გაოცებას არ მალავენ, რამდენად მოქნილი და თერმომდგრადი აღმოჩნდა კორონავირუსის ნაწილაკი.

“მისი მექანიკური თვისებები და თვითაღდგენის შესაძლებლობები ვირუსს საშუალებას აძლევს გარემოს ყველაზე განსხვავებულ პირობებს შეეგუოს.“ – თვლიან მეცნიერები.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულმა კიდევ ერთმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ამერიკელებში პანდემიის გამო სტრესმა, შფოთვამ და დეპრესიამ იმატა.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაში 2020 წლის მარტ–აპრილში მონაწილეობა მიიღო 6500–მა ამერიკელმა. მეცნიერები აფასებდნენ, რა გავლენას ახდენს პანდემია ადამიანებზე რეალურ დროში.

ჟურნალ Science Advances–ში გამოქვეყნებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ სტრესის, შფოთვის და დეპრესიის გაძლიერებას საბოლოო ჯამში ისეთი ფაქტორები იწვევდნენ, როგორიც არის სამსახურის და შემოსავლის დაკარგვა, გარდა ამისა, კორონავირუსთან დაკავშირებული მედიაკონტენტის მოხმარება.