დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანის ღვიძლის ასაკი არ არის დამოკიდებული თავად ადამიანის ასაკზე. ჩვენი ღვიძლი ყოველთვის საშუალოდ სამ წელზე ნაკლები ასაკის არის. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ღვიძლი ახალგაზრდად რჩება იმის მიუხედავად, თუ რამდენი წლის არის მისი მფლობელი–წერს ScienceAlert.
გერმანელმა მეცნიერებმა ღვიძლის უჯრედების ასაკის ანალიზი შეძლეს და გაარკვიეს, რომ ის ყველთვის ახალგაზრდად რჩება, მიუხედავად მისი მფლობელის ასაკისა. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ უჯრედების აღდგენის პროცესი ჩვენს ღვიძლში დაბერების პროცესთან არ არის დაკავშირებული.
მფლობელისგან განსხვავებით ღვიძლი ყოველთვის ახალგაზრდად რჩება
ღვიძლის უჯრედების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ორგანოს სწორი ფუნქციონირებისთვის, რომელიც ადამიანის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების მოშორებით არის დაკავებული. როცა ღვიძლი ტოქსიკურ ნივთიერებებს გადააამუშავებს და ორგანიზმიდან გამოაქვს, მისი უჯრედები ზიანდება, თუმცა უჯრედების აღდგენის პროცესის წყალობით ისევ ნორმაში დგება.
“არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ – 20–ის თუ 84–ის. თქვენი ღვიძლი ყოველთვის ახალგაზრდაა. მისი ასაკი ყოველთვის საშუალოდ 3 წელზე ნაკლებია“– ამბობს დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარი ოლაფ ბერგმანი.
ღვიძლის ქსოვილების ნიმუშების კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთ საშუალო ასაკს ღვიძლი უჯრედების მუდმივი შეცვლის და განახლების წყალობით ინარჩუნებს. ეს უნიკალური პროცესი იმის ფონზე ვითარდება, რომ ორგანიზმი დაბერების დროს თანდათანობით კარგავს სხეულის სხვა ნაწილებში უჯრედების განახლების შესაძლებლობას.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ღვიძლში არსებობს უჯრედების ჯგუფი, რომელთა საშუალო ასაკი 10 წელია და ეს ქრომოსომების ნაკრებებს უკავშირდება.
“ჩვენი ორგანიზმის უჯრედების დიდ ნაწილს ჩვენი გენომის ორი ასლი აქვს, მაგრამ ღვიძლში უჯრედების ნაწილი უფრო მეტ ასლს ქმნის. ჩვეულებრივი უჯრედები ღვიძლში დაახლოებით წელიწადში ერთხელ ახდენს განახლებას, იმ დროს, როცა სხვები უფრო იშვიათად განახლდება, ამიტომაც შეიძლება 10 წლამდე იცოცხლონ“–ამბობს ბერგმანი.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ხანდაზმული უჯრედების პროცენტი ღვიძლში ადამიანის ასაკთან ერთად იზრდება. ეს სავარაუდოდ დამცავი მექანიზმია, რომელიც ღვიძლს ხელს უშლის საშიში მუტაციები დააგროვოს.
“ჯერ კიდევ უნდა დავადგინოთ, მოქმედებს თუ არა მსგავსი მექანიზმი ღვიძლის ავადმყოფობის დროს, რომლებიც შეიძლება კიბოში გადაიზარდოს“ – ამბობს ბერგმანი.
მეცნიერების თქმით, ახალი მონაცემები დიდ შესაძლებლობებს აჩენს ღვიძლის მუშაობის გასაგებად და იმისათვის, რომ მის ჯანმრთელობაზე და დაავადებების დამარცხებაზე უკეთ ვიზრუნოთ. ახლა მეცნიერებს უნდათ უჯრედების ანალიზის საკუთარი მეთოდი გულთან მიმართებაში გამოიყენონ და დაადგინონ, რამდენად ხშირად ხდება გულის უჯრედების განახლება.