მეცოლა: უნდა ვიმუშაოთ, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, იმისათვის, რომ მოლდოვასა და უკრაინის მსგავსად, საქართველოს მოსახლეობასაც მიეცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის იგივე შესაძლებლობები, მუშაობაა საჭირო. ამის შესახებ  მეცოლამ “ტვიტერის” გვერდზე დაწერა.

“უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ავტოკრატიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს აგზავნის. ევროპარლამენტის სახელით, ევროკომისიის რეკომენდაციას მივესალმები. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაყენებს იმ გზაზე, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ასევე მივესალმებით, მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას და უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს, რათა გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და თავისუფლება”, – წერს მეცოლა.

ევროკომისიის დღევანდელი დასკვნით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. თუმცა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჯერ თორმეტი მოთხოვნა უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება მისთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების საკითხი.