მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოებისთვის მერია 7 მილიონს დახარჯავს

თბილისის მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 6.5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, ნახევარი მილიონი კი მეწყრული ზონის კვლევა-პროექტირებისთვის დაიხარჯება.

გამარტივებული შესყიდვისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე გუშინ, 25 მარტს ატვირთეს.

განმარტებით ბარათში არ წერია, კონკრეტულად რა ღონისძიებები იგეგმება.

“მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ქ.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ჩაატარებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას როგორც
გადაუდებელი აუცილებლობა და მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება მეწყრული
პროცესების გამომწვევი მიზეზები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა საქართველოს მთავრობის თანხმობის
საფუძველზე ქ. თბილისში, ვაშლიჯვარი-ლისის (მაჭავარიანის ქუჩა) დამაკავშირებელი
საავტომობილო გზაზე გეოდინამიკური გართულებების მინიმიზაციის მიზნით. გასატარებელი ღონისძიებებისთვის საჭირო საკვლევ-საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, ამ ეტაპისთვის სავარაუდო ღირებულებით 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარი. ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება დაზუსტდება დეტალური კვლევა-პროექტირების დასრულების შემდეგ”,- ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

გუშინ, 25 მარტს, მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, მეწყრის შესაკავებლად გაკეთდება დროებითი წინაღობა.

ღონისძიებები 150 დღის განმავლობაში განხორციელდება.