“მეწყრული მასა ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას, რთულდება მუშაობა” – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ცენტრალური მაგისტრალის წყალსადენის დაზიანებაზე განცხადებას ავრცელებს.
“ჯივიპის თანამშრომლები დაზიანების დაფიქსირების მომენტიდან ადგილზე არიან მობილიზებული, მიუხედავად ურთულესი და სიცოცხლისთვის საშიში სამუშაოებისა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, გუშინვე მოხდა მილის ტექნიკური დათვალიერება და დიაგნოსტირება.
დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ გამოიწვია ჯივიპის ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება.
ურთულესი ტექნიკური დაზიანების აღმოსაფხვრელად აუცილებელია შემოვლითი ქსელის მოწყობა. ალტერნატიული ქსელის მოწყობის მიზნით გუშინვე დავიწყეთ გეოლოგებთან და შესაბამის ტექნიკურ ჯგუფებთან ერთად საგანგებო გეგმის შემუშავება და მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ეტაპობრივად მოგაწოდებთ ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობასთან და წყალმომარაგების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.