”მე დღეს მსჯის რუსეთის ეკლესია და ბიძინა ივანიშვილი.მივდივარ საპატრიარქოსთან, მაგრამ არ დავესწრები სხდომას” – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

ბეთლემის წმინდა მაცხოვრის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი დღეს საპატრიარქოში მივა თუმცა მედიის გარეშე ეპარქიული კომისიის სხდომაზე დასწრებას არ აპირებს.   დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ  ის საკუთარ მოთხოვნებს სხდომაზე მედიის დასწრების აუცილებლობასთან დაკავშირებით, არ შეცვლის.

„არ დავესწრები ამ სხდომას, თუ მედია არ დაესწრება, რადგან მე პასუხს მთხოვენ სატელევიზიო გამოსვლებზე. მივდივარ საპატრიარქოსთან 14:00 საათზე, თუმცა არ ვიცი თავად რას იზამენ“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.

ცნობისთვის, საპატრიარქომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ზნეობის კომისიაზე მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა. საპატრიარქოს განმარტებით, დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებულ განცხადებებსა და საჯარო გამოსვლებში იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები. არქიმანდრიტი დოროთე სხდომას არ დაესწრო, რის გამოც მან „მკაცრი გაფრთხილება“ მიიღო. მოგვიანებით განმარტა, რომ სხდომას იმ შემთხვევაში დაესწრებოდა, თუ იქ მედიის წარმომადგენლებიც იქნებოდნენ, თუმცა საქართველოს საპატრიარქოს გუშინ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ არ დაკმაყოფილდება არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მოთხოვნა, რომ 29 ოქტომბერს, ეპარქიული კომისიის სხდომა მედიის თანდასწრებით გაიმართოს. საპატრიარქოს განმარტებით, დოროთე ყურაშვილის ეს მოთხოვნა დაუშვებელი და უპრეცედენტოა.