„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან დეპუტატების გასვლას.
ჯაფარიძის თქმით, თუ პარლამენტარობაზე უარს ამბობს, კობახიძე პარლამენტარად ვერ გახდის.
“თქვენ გინდათ მითხრათ, კობახიძემ და მისმა მეგობრებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მე ვიქნები… არ წერია კონსტიტუციაში ასეთი რამე. შეუძლებელია სახელმწიფომ თავზე მომახვიოს… სახელმწიფომ მითხრას, რომ გინდა თუ არა მაღაროელი უნდა იყოო, თუ არ მინდა, ხომ ვერ გავხდები მაღაროელი? პარლამენტის წევრობაც არის ასეთივე საქმიანობა, პროფესიაა. მე თუ არ მინდა, კობახიძე პარლამენტარს ვერც ერთ შემთხვევაში გამხდის. საქართველოს კონსტიტუციის ეგრე წაკითხვა იდიოტობაა. თუ მართლა ეგეთი რამე უწერია, იმიტომ, რომ მაგის დაწერილია (კონსტიტუცია), არ ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას, იმიტომ რომ დებილის დაწერილია”, – განუცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“
მისი მტკიცებით, პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან მათ გასვლას. კობახიძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს შანტაჟს, ხოლო კონსტიტუცია შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს ითვალისწინებს.