მე მაინტერესებს კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ უკანონო გადაწყვეტილებას – ჯაფარიძე

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მისთვის მანდატის შესაძლო შეწყვეტა პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.

“მგონი, ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისში ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება, ვნახოთ, დაველოდოთ კენჭყისყრას. მე, რა თქმა უნდა, მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ უკანონო და აბსურდულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, კენჭყისყრის შემდეგ მოგახსენებთ შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რაც მიმდინარეობს უკვე 3 წელიწადზე მეტია. ჩვენ ვართ მშვიდად, ჩვენ ვართ მტკიცედ. მე დავესწრები კენჭყისყრას სასესიო დარბაზში. დღევანდელ საქართველოში ყველაფერი მოსალოდნელია”,– თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტი გადაწყვეტს, შეუწყდებათ თუ არა მანდატი ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს. ქართული ოცნების განცხადებით, სამივე პოლიტიკოსისთვის მანდატის შეწყვეტას მხარს დაუჭერენ.