“მინდა, რომ როგორც მე გეპყრობით პატივისცემით და სერიოზულად გისმენთ, როდესაც რაღაც გაინტერესებთ, ზუსტად იგივე ხდებოდეს ჩვენს შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უფრო მდიდრები ხართ, უფრო მეტი წარმატება გინახავთ ცხოვრებაში, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც ამ დარბაზში არავინ ეუბნება როდის შემოვიდეს, როდის გავიდეს, რას დააჭიროს ხელი, რა აზრი გამოთქვას და ეს არავისთან არასდროს თანხმდება, გარდა იმ ხალხისა, ვინც ამ აზრს უშუალოდ ამბობს.

მოდი, ეს დავინახოთ. მოდი, გავაგრძელოთ ურთიერთობა, როგორც თანასწორმა ადამიანებმა და როცა მე დავინახავ იმას, რომ თქვენ მართლა დაგაინტერესათ რამემ, რასაც ოპოზიცია ლაპარაკობს, მართლა ცდილობთ ამის გარკვევას, ჩემი აზრით, მაშინ იქნება ეს პარლამენტი.

მე მინდა თქვენთან თანამშრომლობა იმიტომ, რომ ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს დასმული საკუთარ თავთან შეკითხვა – რა გვინდა, ერთი საკითხი მაინც, რომელიც ჩვენი გაკეთებული იყოს, რომელსაც შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვებით, რომ ჩვენ მე-10 მოწვევის პარლამენტში ტყუილად არ ვმჯდარვართ, აი ამისთვის ვიბრძოდით და ამას მივაღწიეთ. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ხელისუფლებაში, რომელიც დამოუკიდებლად იაზროვნებს ასე, მით უფრო წარმატებული იქნება ეს პარლამენტი”

მიმართა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ქართული ოცნების დეპუტატებს.