პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
“მე გადავწყვიტე, რომ საკუთარი მაგალითით, ჯერ ეს ჩემი კოლეგებიდან არავის გაუკეთებია, დავიწყო და თქვენგანაც იგივე მოვითხოვო – ერთმანეთთან პატივისცემით ურთიერთობა. მე მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება. ასევე, მინდა დავინახო, რომ თქვენც აპირებთ ოპოზიციიდან ვინმესთან სერიოზულ თანამშრომლობას. მე მგონი, ყველას გვესმის, რომ კარგი აზრები მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ იბადება. შეუძლებელია, კარგი აზრები მხოლოდ იმ ხალხს მოსდიოდეს თავში, რომლებიც ხელისუფლებაში არიან”,– თქვა მან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
ხვიჩიას განცხადებით, მხარდამჭერები მათ საყვედურობენ, რომ პარლამენტში შევიდნენ, რადგან “ვერაფერს ცვლიან”.
“ჩვენ 11 საკითხი გვაინტერესებს და შეუძლებელია, რომელიმე თქვენგანს არ აინტერესებდეს ან ყველა იბრძოდეს 11-ვეს წინააღმდეგ. როგორც მე გადავდგი ნაბიჯი და მოგილოცეთ, თქვენც გადადგით ნაბიჯი და მითხარით, სად მიიღება გადაწყვეტილება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით”,– აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.