ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი კომენდანტის საათის პირობებში სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე ამბობს, რომ ვერ მოუწოდეს კანონის დარღვევისკენ მრევლს.
მისი თქმით, ეკლესია არ არის სახელმწიფოში აღმასრულებელი ორგანო.
,,როგორ შეიძლება მეუფის კურთხევა იყოს მოწოდება, რომ ადამიანმა კანონი დაარღვიოს. ჩვენ არ ვართ ამ სახელმწიფოში აღმასრულებელი ორგანო. იესო ქრისტე ამბობს, მეუფება ჩემი არა ამსოფლიურ არსო და ამ სოფელში კეისრის ხელისუფლება არის და თითოეული მოქალაქის გადასაწყვეტია როგორ მოიქცევა. მე პირადად ვერ მოვუწოდებ ადამიანს კანონის დარღვევისკენ, თუ ეს კანონი არანაირად არ ეხება მიზანდასახულად ღმერთის წინაშე გალაშქრებას”,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მეუფე იაკობი ამბობს, რომ არავის მოუწოდებენ მოსვლისკენ, მაგრამ ,,ხალხი თვითონ მობრძანდება”. მისივე განცხადებით, სააღდგომო ლიტურგია აუცილებლად ჩატარდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის, კარანტინისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, საპატრიარქო აცხადებს, რომ სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, პატრიარქი ილია მეორე კი ლიტურგიაზე აღდგომის წინა ღამეს, კომენდანტის საათის დრო, 23:00 საათზე მივა და ლიტანიობა ამ დროს დაიწყება. დღეს არქიდიაკონმა დემეტრემ სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის განრიგი გააცნო.